ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა ქვეყნის ებრაელ და არაბ მოქალაქეებს მოუწოდა შეინარჩუნონ მშვიდი და კეთილმეგობრული ურთიერთობები ერთმანეთის მიმართ.
„მტერს სურს გააღვივოს სიძულვილი ჩვენს შორის. ებრაელ და არაბ მოქალაქეებს შორის. ჩვენ ბრძოლა უნდა გამოვუცხადოთ მათ, მტკიცე და უკომპრომისო. ჩვენ უნდა უარვყოთ სიძულვილისა და რასიზმის ყველა გამოვლინება ჩვენს შორის მყოფი სხვადასხვა თემის მიმართ და გავიხსენოთ ათობით არაბი მოქალაქე, რომლებიც შეეწირნენ საშინელ ხოცვა-ჟლეტას და ბრძოლებს {7 ოქტომბერს}. რაც მთავარია, გვახსოვდეს პასუხისმგებლობა და ურთიერთპატივისცემა, რაც ასე დამახასიათებელია ისრაელის არაბული თემისთვის, - თქვა ისააკ ჰერცოგმა.
ისრაელის პრეზიდენტმა, ასევე, ხაზი გაუსვა ისრაელში არაბი მოქალაქეების მნიშვნელოვან როლს და ისაუბრა ისრაელის წინააღმდეგ წარმოებული „ფსიქოლოგიური კამპანიის“ შესახებ.
„მათ სურთ ჩვენი შეშინება ვიდეოებით, ჭორებითა და ტყუილებით. ისინი ცდილობენ, ფსიქოლოგიურად გაგვტეხონ, შელახონ ჩვენი პიროვნული და ეროვნული სული. ჩვენ არ მივცემთ მათ წარმატების საშუალებას“, – თქვა ჰერცოგმა.
ეთნიკური არაბები ისრაელის მოსახლეობის 20%-ზე მეტს შეადგენენ.