მოლდოვის უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა 31 რუსული მედიასაშუალების სია, რომლებიც დაუყოვნებლივ დაიბლოკება ქვეყანაში „მოლდოვის რესპუბლიკის წინააღმდეგ საინფორმაციო ომში გამოყენებული ონლაინ კონტენტის გამო“. იუწყება Reuters.
სიაში შედის 14 რუსული მედიის ვებგვერდი, მათ შორის სააგენტო TASS, Interfax, გაზეთი Komsomolskaya Pravda და ვებგვერდი Lenta.ru. ყველა მათგანი კრემლის ხაზის შესაბამისად აშუქებს უკრაინის ომს და მასთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულ სხვა მოვლენებს.
სააგენტო აღნიშნავს, რომ მოლდოვის პროდასავლურმა მთავრობამ არაერთხელ დაადანაშაულა რუსეთი ხელისუფლების დამხობის მცდელობაში. პრემიერ-მინისტრი დორინ რეჩანი კი მოსკოვს ადგილობრივ არჩევნებში ჩარევის მცდელობაში ადანაშაულებს, რომელიც მიმდინარე კვირაში უნდა გაიმართოს.
ასევე მოლდოვაში ექვს ადგილობრივ ტელეარხს ლიცენზია შეუჩერდა.
მოლოდვის გადაწყვეტილებას მოსკოვში რუსი დეპუტატი ლეონიდ სლუცკი გამოეხმაურა.
”მაია სანდუს რეჟიმი უკროკლონად გადაიქცა. რუმინეთის მოქალაქე მოლდოველებს უწესებს ცენზურას და კრძალავს ხალხში პოპულარულ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც მოსახლეობა რეალურად აძლევს ხმას. ასე დაიწყო უკრაინაში მაიდანის შემდგომი ხელისუფლების მმართველობა . რა მოჰყვა ამას? გარეშე ძალების მმართველობა და დანგრეული ქვეყანა“, - თქვა სლუცკიმ.