აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ "ჰამასი" საწვავის უდიდეს მარაგებს ფლობს, მაშინ როდესაც ის მოსახლეობასა და საავადმყოფოებს ყველაზე მეტად სჭირდებათ.
მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ საწვავი საჭიროა გენერატორებისთვის, რომლებიც ელექტროენერგიას აწვდიან ღაზის სექტორში მდებარე საავადმყოფოებს.
„ჩვენ გვინდა, რომ ამ მიზნებისთვის საწვავი რაც შეიძლება სწრაფად იყოს მიწოდებული. უნდა აღვნიშნო, რომ იმ დროს, როცა ჩვენ ვმუშაობთ საწვავის მიწოდებაზე კრიტიკული ჰუმანიტარული სერვისებისთვის, "ჰამასი" აგრძელებს საწვავის დიდი მარაგის შენახვას. იმის ნაცვლად, რომ ეს საწვავი გადასცენ ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანამშრომლებს ან სხვა სამოქალაქო საჭირობებისთვის გამოყონ, ისინი ინახავენ მას თავიანთი მებრძოლებისთვის, რათა განახორციელონ ტერორისტული თავდასხმები ისრაელის წინააღმდეგ“,- განაცხადა მილერმა.
მილერის განცხადებით, კვირას მანქანა რაფაჰის სასაზღვრო პუნქტის გავლით ღაზაში ჰუმანიტარული ტვირთით დატვირთული 45 სატვირთო, ხოლო ორშაბათს კიდევ 39 სატვირთო მანქანა შევიდა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ საჭიროებები დიდია და გვსურს უზრუნველვყოთ საკვების, წყლისა და მედიკამენტების მუდმივი მიწოდება ღაზაში. ამის მისაღწევად ჩვენ გავაგრძელებთ დაუღალავ დიპლომატიურ მუშაობას ისრაელთან, ეგვიპტესთან, გაეროსთან და საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან“, - თქვა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.