მასობრივი მკვლელობა მოხდა ამერიკის მენის შტატის ქალაქ ლუისტონში. თავდამსხმელმა ცეცხლსასროლი იარაღით სულ მცირე 22 ადამიანი მოკლა ორ სხვადასხვა ადგილას - რესტორანში და ბოულინგ-კლუბში. დაჭრილია სულ მცირე 50 ადამიანი.
პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი ჯერ კიდევ არ არის განეიტრალებული. პოლიცია მოსახლოებას აფრთხილებს, რომ დამნაშავე შეიარაღებული და უკიდურესად საშიშია.
სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილის იდენტიფიცირება შეძლეს - ცნობილია, რომ მისი სახელია რობერტ ქარდი, ის 40 წლისაა.
ტელეკომპანია CNN-ი სამართალდამცავებზე დაყრდნობით იუწყება, რომ რობერტ ქარდი აშშ-ის არმიის რეზერვის სამხედრო მოსამსახურეა.
შტატის სიდიდით მეორე ქალაქის მაცხოვრებლებს ურჩევენ საცხოვრებელი სახლები და უსაფრთხო ადგილები არ დატოვონ.
ცნობილია, რომ ვიდრე დამნაშავის ძებნა მიმდინარეობს, ქალაქში სრული ლოკდაუნია დაწესებული.
თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ტელეფონით ესაუბრა მენის შტატის გუბერნატორს და კონგრესში ამ შტატის წარმომადგენლებს და ფედერალურ დონეზე სრული მხარდაჭერა შესთავაზა.