გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებას უარყოფს. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შოკირებულია მისი ზოგიერთი განცხადების არასწორი ინტერპრეტაციის გამო.
გუტერეშის გამონათქვამმა, რომ „პალესტინელი ხალხი უკვე 56 წელია, რაც მხუთავ ოკუპაციას განიცდის“ ისრაელის აღშფოთება გამოიწვია. გუტერეშის თქმით, სიცრუეა, რომ ის „ჰამასის“ თავდასხმებს ამართლებს.
„შოკირებული ვარ ჩემი ზოგიერთი გუშინდელი განცხადების არასწორი ინტერპრეტაციით. სიცრუეა, თითქოს, მე „ჰამასის“ ტერაქტებს ვამართლებ. ყველაფერი პირიქითაა. გუშინდელი გამოსვლისას, მკაფიოდ განვაცხადე, რომ ცალსახად ვგმობ „ჰამასის“ მიერ საშინელ და უპრეცედენტო ტერორისტულ თავდასხმას ისრაელზე. ვერაფერი გაამართლებს მიზანმიმართულ მკვლელობებს, მოქალაქეთა გატაცებებს და სამშვიდობო ობიექტებზე სარაკეტო თავდასხმებს. მე ვისაუბრე პალესტინელი ხალხის მწუხარებაზე, ვციტირებ: „პალესტინელი ხალხის მწუხარება ვერ ამართლებს „ჰამასის“ საშინელ თავდასხმებს“, – განაცხადა გუტერეშმა.
გაეროში ისრაელის ელჩმა გილად ერდანმა გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს გადადგომისკენ მოუწიდა მას შემდეგ, რაც გუტერეშმა განაცხადა, რომ ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმა „ვაკუუმში არ მომხდარა“.
„პალესტინელი ხალხი 56 წლის განმავლობაში მხუთავ ოკუპაციას ექვემდებარება. ისინი ხედავენ თავიანთ მიწებს, რომლებიც შთანთქა დასახლებებმა და ძალადობამ, მათი ეკონომიკა განადგურებულია, მათი ხალხი დევნილია და სახლები დანგრეულია. იმედები, რომ მათი მდგომარეობა პოლიტიკური გზით გადაწყდება, ქრება“, - თქვა გუტერეშმა.“.
„მოვუწოდებ მას სასწრაფოდ გადადგეს. არავითარი გამართლება და აზრი არ აქვს მათთან ლაპარაკს, ვინც თანაგრძნობას გამოხატავს ისრაელის მოქალაქეებისა და ებრაელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი ყველაზე საშინელი სისასტიკის მიმართ. უბრალოდ სიტყვები არ მაქვს“, - თქვა ერდანმა.
მისივე თქმით, ისრაელი უარს იტყვის ვიზების გაცემაზე გაეროს ოფიციალური პირებისთვის.
„მისი განცხადების გამო, ჩვენ უარს ვიტყვით გაეროს წარმომადგენლებისთვის ვიზების გაცემაზე. ჩვენ უკვე უარი განვუცხადეთ ვიზაზე ჰუმანიტარულ საკითხებში გენერალური მდივნის მოადგილეს, მარტინ გრიფიტსს. დადგა დრო, რომ მათ გაკვეთილი ვასწავლოთ“, – განაცხადა ერდანმა.