ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი ადამ დანიელ ჰაგარი აცხადებს, რომ იერიშების შედეგად მოკლულია „ჰამასის“ უფროსი მეთაური.
"ღაზის სექტორზე თავდასხმების შეჩერებას არ ვგეგმავთ. თავდასხმების რაოდენობა გაიზრდება, რათა შემცირდეს საფრთხეები ჩვენი ძალების წინააღმდეგ, რომლებიც ომის მომდევნო ფაზისთვის მზადების პროცესში იმყოფებიან". - თქვა ჰაგარმა.
ჰაგარის ცნობით, ღაზის სექტორში გასულ ღამეს ისრაელის სამხედრო ძალების საჰაერო თავდასხმებს ათობით ტერორისტი ემსხვერპლა.
ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს განხორციელდა.
ტერორისტებთან შეტაკებები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში, სადაც „ჰამასის“ მებრძოოლებმა სასტიკი ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს, რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ისრაელში თავდასხმას 1400-მდე ადამიანი ემსხვერპლა.
ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი.