აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ამბოხის მცდელობა ადასტურებს რუსეთის ხელისუფლებაში გაჩენილი ღრმა ბზარების არსებობას.
ამის შესახებ მან ტელეარხ АВС-ის ეთერში ისაუბრა.
როგორც ბლინკენმა ევგენი პრიგოჟინის ამბოხთან დაკავშირებით აღნიშნა, დასკვნითი ეპიზოდი ჯერ კიდევ არ გვინახავს.
„არის პრიგოჟინი, რომელიც საჯაროდ აყენებს ეჭვქვეშ უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის წინაპირობას, რომ უკრაინა და ნატო საფრთხეს წარმოადგენს რუსეთისთვის. არსებობს ადამიანი, რომელიც საჯაროდ და ძალიან ღიად იწვევს პუტინს“, - აღნიშნა ბლინკენმა.
მისივე თქმით, ჯერ კიდევ 16 თვის წინ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისას, პუტინი კიევის ზღურბლთან იდგა, სურდა რამდენიმე დღეში ქალაქი აეღო და ქვეყანა მიწასთან გაესწორებინა, დღეს მას მოუწია თავისივე მებრძოლებისგან დაეცვა მოსკოვი. არ მინდა სპეკულაცია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ არ გვინახავს ფინალური ეპიზოდი“, - განაცხადა ბლინკენმა.