თუ რუსეთი შეწყვეტს ბრძოლას, იქნება მშვიდობა. თუ უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას, ის შეწყვეტს არსებობას, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, - წერს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი Financial Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.
სტოლტენბერგის თქმით, დასავლეთი უნდა დარჩეს თავის გზაზე და წინააღმდეგობა გაუწიოს ტირანიას.
"უკრაინის მომავლისა და ჩვენი მომავლისთვის, ჩვენ უნდა მოვემზადოთ ზამთრის ომისთვის, დავრჩეთ ჩვენს გზაზე და წინააღმდეგობა გავუწიოთ ტირანიას. თუ რუსეთი შეწყვეტს ბრძოლას, იქნება მშვიდობა. თუ უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას, ის შეწყვეტს არსებობას, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. ჩვენ ვალდებულნი ვართ მხარი დავუჭიროთ ამ დამოუკიდებელ დემოკრატიას ევროპის ცენტრში", - წერს სტოლტენბერგი.
ამავდროულად, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინაში ომი კრიტიკულ ფაზაში შედის და ზამთარი გამოცდა იქნება სახმედრო ალიანსის წევრებისთვისაც.
"უკრაინაში ომი კრიტიკულ ფაზაში შედის. ზამთარი მოდის და იქნება რთული. იქნება რთული უკრაინელი ხალხისთვის და ეიარაღებული ძალებისთვის, რომლებიც იბრძვიან მათი თავისუფლებისთვის და ჩვენთვის, ვინც მათ მხარს ვუჭერთ. ჩვენი ერთობა და სოლიდარობა სერიოზული გამოცდის ქვეშ დადგება, რადგან ოჯახები და ბიზნესი გრძნობენ რუსეთის სასტიკი შემოჭრით გამოწვეული ენერგეტიკის ფასების და ცხოვრების ხარჯების მკვეთრ ზრდას", - წერს სტოლტენბერგი.
მისივე თქმით, წინ შეიძლება იყოს რთული ექვსი თვე, ელექტროენერგიის გათიშვის, შეფერხებების და შესაძლოა სამოქალაქო არეულობის საშიშროებით.