დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი ლიზ ტრასი აცხადებს, რომ რუსეთის დაშოშმინების პოლიტიკა არასწორი გზაა და მთელი ფოკუსი უნდა გაკეთდეს უკრაინის გამარჯვებაზე, რომელშიც თავისი წვლილი უნდა შეიტანოს კიევისთვის სათანადო სამხედრო დახმარებამ და მოსკოვზე სანქციების ზეწოლის გაზრდამ.
აღნიშნულის თაობაზე ლიზ ტრასმა ბოსნია და ჰერცეგოვინის დედაქალაქ სარაევოში ვიზიტისას განაცხადა.
"არ შეიძლება რუსეთის აგრესიის დაშოშმინება. მას ძალისმიერი წინააღმდეგობა სჭირდება", - თქვა ლიზ ტრასმა.
"არ უნდა დავუშვათ, რომ უკრაინაში გაჩაღებულმა კონფლიქტმა ხანგრძლივი და მზარდი სახე მიიღოს. დაუღალავად უნდა ვიმოქმედოთ, რათა უკრანიამ გაიმარჯვოს სამხედრო დახმარებისა და სანქციების დახმარებით", - თქვა ტრასმა და დასძინა, რომ "ახლა უკვე გაზის პედლიდან ფეხს ვეღარ ავიღებთ".
სარაევოში ვიზიტისას, ლიზ ტრასმა ასევე აღნიშნა, რომ დასავლეთმა უნდა ისწავლოს ისტორიის გაკვეთილიდან მას შემდეგ, რაც პუტინს საქართველოში, ყირიმსა და დონბასში შეჭრამდე დაუთმეს.
ლიზ ტრასის ეს განცხადება შეიძლება გამოხმაურებად ჩაითვალოს იმ რამდენიმე პოლიტიკოსისა და დიპლომატის მიმართ, რომელიც ბოლო ხანებია, უკრაინის მხრიდან, ომის დასრულების სანაცვლოდ, რუსეთისადმი ტერიტორიების დათმობის მოწოდებით გამოვიდა.