დიდი ბრიტანეთი ღრმად შეშფოთებულია უკრაინაში რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის პოტენციური გამოყენების გამო. განაცხადა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივანმა ლიზ ტრასმა CNN-თან ინტერვიუში.
ლიზ ტრასის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის პუტინის მიერ მათი [ქიმიური იარაღის] გამოყენება "უაღრესად მძიმე" შეცდომა იქნება.
"ჩვენ ძალიან შეშფოთებულნი ვართ ქიმიური იარაღის პოტენციური გამოყენების გამო. ჩვენ ვნახეთ, რომ რუსეთი იყენებდა ამ იარაღს კონფლიქტის ზონებში, მაგრამ ეს მათი მხრიდან სერიოზული შეცდომა იქნება, რაც პუტინის მიერ უკვე დაშვებულ სერიოზულ შეცდომებს კიდევ უფრო დაამძიმებს", - აღნიშნა ტრასმა.
გუშინ, დასავლეთის ქვეყნების ოფიციალური პირები გამოვიდნენ გაფრთხილებით, რომ სერიოზული შეშფოთების საფუძველს იძლევა ცნობები იმის თაობაზე, რომ შესაძლოა, პუტინმა უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენების ბრძანება გასცეს.
მათი შეფასებით, შესაძლებელია, კიევზე "სრულიად შემზარავი" თავდასხმა განხორციელდეს, რადგან რუსეთის საოკუპაციო ძალების კოლონები, რომლებიც კიევისკენ მიემართებოდნენ, ამ დრომდე ვერ ახერხებენ ლოგისტიკური გამოწვევების გადალახვას და კიევის ხელში ჩაგდების მიზნის განხორციელებას.