დიდი ბრიტანეთის საგარო საქმეთა მდივანი ლიზ ტრასი ვიზიტით იმყოფება შეერთებულ შტატებში, სადაც სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შეხვდა.
ლიზ ტრასმა და მისმა ამერიკელმა კოლეგამ, შეხვედრის დასრულების შემდეგ, პრესკონფერენცია გამართეს.
ლიზ ტრასი გამოეხმაურა ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ცნობას, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მარიუპოლში ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვის შესახებ და მას "აბსოლუტურად საზიზღარი" ქმედება უწოდა.
პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მდივანს ჰკითხეს, რატომ არ აწესებს ნატო არასაფრენ ზონას უკრაინის საჰაერო სივრცეში, რასაც ასე დაჟინებით ითხოვს ვოლოდიმირ ზელენსკი.
შეკითხვის საპასუხოდ, ლიზ ტრამსმა განაცხადა, რომ ცის დასაცავად საუკეთესო საშუალება ანტისაჰაერო იარაღია, რის მიწოდებასაც ცდილობენ უკრაინისთვის დიდი ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები.
ამავდროულად, ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი გააგრძელებს ძალისხმევას, რომ რუსეთი სრულად გაირიცხოს SWIFT-ის საერთაშორისო გადახდის სისტემიდან და "დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა უარი თქვან რუსულ ნავთობსა და გაზზე.
"ჩვენ არ უნდა მოვისვენოთ მანამ, სანამ პუტინი უკრაინაში არ დამარცხდება და უკრინის სუვერენიტეტი არ აღდგება", - თქვა ტრასმა.