შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაგმო უკრაინაში რუსეთს შეჭრა და მას შემაძრწუნებელი უწოდა. ამავდროულად, ტრამპმა განაცხადა, რომ ის ლოცულობს უკრაინელებისთვის.
დონალდ ტრამპმა ფლორიდაში, კონსერვატორთა ყრილობაზე, გულმხურვალე მხარდამჭერებს მიმართა და კიდევ ერთხელ გამოიყენა შესაძლებლობა პრეზიდენ ჯო ბაიდენის გასაკრიტიკებლად. ამასთან, მან კვლავ მიანიშნა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო კენჭისყრაზე.
ტრამპმა მწუხარება გამოთქვა რუსული აგრესიის შედეგად უკრაინელთა დანაკარგის გამო და სიმამაცისთვის შეაქო უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რადგან ის კვლავ კიევში რჩება.
"უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა შემაძრწუნებელი და აღმაშფოთებელია. ეს სისასტიკეა, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო. ჩვენ ვლოცულობთ უკრაინის ამაყი ხალხისთვის. ღმერთმა დალოცოს ისინი", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ტრამპმა თქვა, რომ პუტინმა ისარგებლა ბაიდენის "სისუსტით" უკრაინაზე თავდასხმისთვის. მისი თქმით, ის რომ ყოფილიყო პრეზიდენტი, შეჭრა არ მოხდებოდა.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ 21-ე საუკუნეში ამერიკის ერთადერთი პრეზიდენტია, რომლის დროსაც რუსეთი სხვა ქვეყანაში არ შეჭრილა.
"ბუშის დროს რუსეთი საქართველოში შეიჭრა, ობამას დროს რუსეთმა ყირიმი წაიღო, ბაიდენის დროს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. 21-ე საუკუნეში აშშ-ის ერთადერთი პრეზიდენტი ვარ, რომლის დროსაც რუსეთი სხვა ქვეყანაში არ შეჭრილა", - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.