გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში თალიბანს ავღანეთში თავდასხმების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
ამ მოწოდებით გენერალური მდივანი გუტერეში საგანგებოდ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში გამოვიდა.
ანტონიო გუტერეშმა შეშფოთება გამოთქვა ავღანეთის თალიბანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ადამიანთა უფლებები დარღვევის ფაქტების გამო.
"ახლა სწორედ ის დროა, რომ თავდასხმები დაუყოვნებლივ შეჩერდეს. ახლა არის დრო მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების დასაწყებად. სწორედ ახლა არის დრო, თავიდან ავიცილოთ ხანგრძლივი სამოქალაქო ომი, ან ავღანეთის იზოლაცია", - განაცხადა გუტერეშემა.
გაეროს გენერალურმა მდივანმა მოუწოდა ავღანეთის ხელისუფლებას, თალიბანს, საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ყველაფერი გააკეთონ, რათა თავიდან აიცილონ სამოქალაქი პირთა დაზარალება, უფლებათა შელახვა ან დაღუპვა.
"შემაძრწუნებელია იმის მოსმენა, რომ ავღანელი ქალებისა და გოგონების ძლივს მოპოვებული უფლებები კვლავ საფრთხის წინაშე დგას და ილახება", - დასძინა გუტერეშმა.
20-წლიანი სამხედრო ყოფნის შემდეგ, შეერთებული შტატებისა ნატო-ს ჯარები საბოლოოდ გადიან ავღანეთიდან. ავღანეთიდან დასავლეთის გასვლის კვალდაკვალ, თალიბანი სულ უფრო და უფრო მეტ ტერიტორიაზე ამყარებს კონტროლს.
ბოლო ინფორმაციით, თალიბანი აკონტროლებს ავღანეთის სულ მცირე 15 პროვინციას, რაც ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით ორი მესამედია.