შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Fox Business-თან საუბრისას აცხადებს, რომ კრიპტოვალუტა ბიტკოინს ხედავს როგორც "თაღლითობას", რომელიც გავლენას ახდენს აშშ-ის ეროვნული ვალუტის, დოლარის ღირებულებაზე.
"ბიტკოინი როგორც ჩანს თაღლითობაა. არ მომწონს ის, რადგან ეს კიდევ ერთი ვალუტაა, რომელიც დოლარს ეჯიბრება", - თქვა ტრამპმა.
მან ასევე დასძინა, რომ ისურვებდა, დოლარი მსოფლიოს ვალუტა ყოფილიყო.
დონალდ ტრამპის ამ განცხადების ფონია სალვადორის პრეზიდენტის ინიციატივა, რომლითაც ბიტკოინის ოფიციალურ ვალუტად გამოცხადება იგეგმება.
ყველაზე ძვირადღირებული კრიპტოვალუტის, ბიტკოინის ღირებულება მაისი დასაწყისიდან სტაბილურად ეცემა.
ბიტკოინის ვარდნას ექსპერტები მიაწერენ ჩინეთის გადაწყვეტილებას, რომელმაც ბანკებსა და საგადასახადო კომპანიებს აუკრძალა კრიპტოვალუტების ტრანზაქციებთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა.
კრიპტოვალუტის ღირებულების დაცემის კიდევ ერთი მიზეზი მილიარდერი ილონ მასკია, რომელმაც "ტვიტერზე" დაწერა, რომ კომპანია "თესლა" ბიტკოინით ვაჭრობას წყვეტდა. მასკმა მიღებული გადაწყვეტილება კლიმატური ცვლილებებით ახსნა და აღნიშნა, რომ გზა რომლითაც ბიტკოინი გამომუშავდება ემისიის ერთ-ერთი წყაროა.
მიუხედავად კრიპტობაზარზე არსებული რყევებისა, ამ დრომდე ბიტკოინი ყველაზე პოპულარული ციფრული ვალუტაა.