თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მიმღები განყოფილების უფროსის მაია ზალდასტანიშვილის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების თვალსაზრისით, ქვეყანაში კატასტროფული მდგომარეობაა შექმნილი. ამის შესახებ ზალდასტანიშვილი "რუსთავი 2"-ის ეთერში საუბრობს.
მისი თქმით, კლინიკებში ადგილები არ არის და ვერ იღებენ პაციენტებს, რომლებთაც რეალურად ესაჭიროებათ ჰოსპიტალიზება.
"ახლა ჩვენ რაც არ უნდა ვთქვათ, რომ საიმედოა სიტუაცია, ყველა ხედავს, რომ სიტუაცია ნამდვილად არ არის საიმედო, კატასტროფულია. ეს რიცხვები, რომელიც ცხადდება ყოველ დღე, დაავადებულთა და გარდაცვალებულთა, საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისთვის ძალიან შემაძრწუნებელია.
მოგეხსენებათ, რომ რაც მეტი იქნება დაავადება, მეტი იქნება სიკვდილობა. ფაქტია, ჩვენ ვიტყვით თუ არ ვიტყვით, კლინიკები გადაჭედილია და ვეღარ ვიღებთ პაციენტებს და პაციენტებს, რომლებსაც რეალურად ესაჭიროებათ ჰოსპიტალიზაცია. სავსეა კლინიკები. ასევე ძალიან გაუჭირდათ ოჯახის ექიმებსაც, იმიტომ რომ ფაქტიურად ისინიც ვეღარ ახერხებენ მართვას და 112-იც სრულიად დაკავებულია. ძალიან ურთულდება მოსახლეობას მათთან კავშირი და სიტუაცია ძალიან რთულია.
მოსახლეობა მივიდა იქამდე, რომ თვითონ შექმნეს ე.წ. პლატფორმები, გაერთიანებები, რომ ხალხს დაეხმარონ...
ის, რომ შეზღუდვების გამკაცრება აუცილებელია, ამაში ორი აზრი არ არის. მესმის, რომ ძალიან რთული ეკონომიური მდგომარეობაა და უამრავმა ადამიანმა დაკარგა სამსახური და შემდგომი შეზღუდვები კიდევ უფრო გაართულებს ვითარებას, მაგრამ სიცოცხლე უპირველესია. ჩაკეტვა ვერ დაამთავრებს ინფექციას, თუმცა რაღაცნაირად დროში გაიწელება და ცოტა ამოსუნთქვის საშუალება გვექნება," - განაცხადა მაია ზალდასტანიშვილმა.