როდესაც ჩვენი ოპონენტები იყვნენ ხელისუფლებაში, მთლიანად ის წლები იყო ნათელი მაგალითი, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე, ქვეყნის გარეთ, თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება - ამის შესახებ თბილისის მერმა, „ღია ეთერში“ ისაუბრა.
კახა კალაძის თქმით, საზოგადოება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სწორ არჩევანს გააკეთებს.
„დღეს, როდესაც ისინი არიან ოპოზიციაში და არიან ჩვენი ოპონენტები, ყველას, როგორც საზღვრებს გარეთ ასევე, ქვეყნის შიგნით, აჩვენებენ იმას თუ როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია. რას ვიზამთ, დღეს ეს მოცემულობა გვაქვს, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე. მე დარწმუნებული ვარ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა გააკეთებს სწორ არჩევანს. ძალიან ბევრი ადამიანი მოვა არჩევნებზე, ამაში დარწმუნებული ვარ და გააკეთებს სწორ არჩევანს. ეს სწორი არჩევანი იქნება ქვეყნის სწორი ეკონომიკური განვითარება, სიმშვიდე, მშვიდობა. რა ტქმა უნდა, ოპოზიცია ქვეყანაში უნდა არსებობდეს. უნდა არსებობდეს არა მარგინალური და არა რადიკალური მიმართულების, რასაც ცდილობენ ყოველთვის, ქაოსს, არეულობას, დაპირისპირებას. ფეიქ ნიუსებიც ერთ-ერთი მათი უმნიშვნელოვანესი იარაღია, თუმცა ჩვენც უნდა ვიყოთ აქტიურები და არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში. ყველა მნიშვნელოვან თემაზე მათი მცდელობა არის, რომ ყველა ინფორმაცია საზოგადოებას მიაწოდონ დამახინჯებულად, არასწორად. თქვენ წარმოიდგინეთ, ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც კი გვიწევს განმარტებების გაკეთება. არის მცდელობა, რომ რაღაც ინფორმაციები დაამახინჯონ. მაგალითს მოვიყვან. პარლამენტის წინ მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. კითხვა დაისვა ასეთი: მიზანმიმართულად ხომ არ დავიწყეთ ეს სამუშაოები, რომ იქ ხალხი არ შეიკრიბოს. არ ვიცი აქ რაზე უნდა ვილაპარაკო“, - განაცხადა კახა კალაძემ