დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, მიუხედავად ბოლო დღეებში კორონავირუსით ინფიცირების თითოოროლა რაოდენობისა, "დამშვიდების საფუძველი მაინც არ გვაქვს". ამის შესახებ პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"დღეიდან ახალი ბიზნესაქტივობები იხსნება ქვეყანაში. ამასთან, ერთ კვირაში გაიხსნება შიდა ტურიზმიც. მაქსიმალურად უნდა ვიყოთ მობილიზებული, რათა ყველანაირი რისკების სამართავად მზად ვიყო. რა თქმა უნდა, ის, რომ ბოლო დღეებში მხოლოდ თითოოროლა შემთხვევა ვლინდება, ძალიან კარგია, მაგრამ დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, რადგან კორონა, სამწუხაროდ, არსად არ გამქრალა, ისევ ჩვენს გვერდით არის. ხედავთ, რა ხდება ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში, ამიტომ უნდა ვიყოთ ყველანი ისევ და ისევ ფრთხილად, განსაკუთრებით, ეს ეხება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში იმ წესების დაცვას, რომელიც არის აუცილებელი, ნიღბების ტარება და ფიზიკური დისტანცირების დაცვა",- განაცხადა პაატა იმნაძემ.