საქართველოს ეროვნული ბანკი TBC-ისთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი, როგორც წესი, თავს იკავებს საზედამხედველო ღონისძიებების გასაჯაროებისაგან, თუმცა თიბისი ბანკის დამფუძნებელ აქციონერებთან დაკავშირებით განვითარებული პროცესები ცხადყოფს, რომ ინფორმაციულმა დეფიციტმა სპეკულაციებისა და მცდარი ინფორმაციის გავრცელება განაპირობა, რითაც ზიანდება საფინანსო სექტორის რეპუტაცია და ნდობა მის მიმართ.
„სწორედ ამიტომ, გვსურს მოგაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია:
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის 2018 წლის 7 აგვისტოს შეტყობინების საფუძველზე, რომელიც ეხებოდა 2012 წელს განხორციელებულ ტრანზაქციებს, ეროვნულმა ბანკმა დაიწყო შემოწმება. შემოწმებისას გამოვლინდა თიბისი ბანკში ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაძლო დარღვევები, რაც მოგვიანებით სებ-ის დამატებითი შესწავლისას დადასტურდა. კერძოდ, აღმოჩნდა, რომ პროცესები სათავეს იღებს 2007-2008 წლებიდან, როდესაც მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევით, კომპანიების (შპს „სამგორი M"და შპს „სამგორი თრეიდი") გამოყენებით, ბანკიდან ისესხეს ჯამში 16.7 მლნ აშშ დოლარი. 2008 წლის დეკემბერში ეს თანხა ბანკის მიერ ბალანსიდან ჩამოიწერა, რითაც თიბისი ბანკის 2008 წლის მოგება ჯამში 16.7 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. ამასთანავე, ფაქტობრივად არ განხორციელებულა სესხების უზრუნველსაყოფად გამოყენებული უძრავი ქონების დასაკუთრება.
აღსანიშნავია, რომ 2008 წლის აგვისტოში ეროვნული ბანკის მიერ ჩატარდა თემატური შემოწმება თიბისი ბანკის საკრედიტო პორტფელის ხარისხის შესწავლის მიზნით. თემატურობიდან გამომდინარე, შემოწმება არ ითვალისწინებდა ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის იდენტიფიცირებას. ვინაიდან ტრანზაქციები განხორციელდა ზემოხსენებული კომპანიების გავლით, ადმინისტრატორების მონაწილეობა პირდაპირ არ იკვეთებოდა. შესაბამისად, ამ შემოწმებისას ვერ მოხდა ხსენებული დარღვევების აღმოჩენა. ასევე, ძალიან მოკლე ვადაში განხორციელდა ამ სესხების ჩამოწერა, რის გამოც, აღნიშნული სესხები ვეღარ მოხვდა ეროვნული ბანკის შემდგომი შემოწმებების არეალში, მათ შორის, ინტერესთა კონფლიქტის კუთხით. თიბისი ბანკის აქციების ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებამდე, ბანკმა გაიარა დეტალური აუდიტი, რომელშიც 2008 წლის სესხების აღმოჩენა, დიდი ალბათობით, ასევე ვერ მოხდებოდა, რადგან, აუდიტის მომენტისათვის, ეს სესხები უკვე დიდი ხნის ჩამოწერილი იყო. შესაბამისად, მცდარია გავრცელებული ინფორმაცია, რომ ეს ტრანზაქციები ადრე აღმოჩენილი იყო ან ბანკი უკვე იყო ამ საკითხზე დაჯარიმებული. აქვე აღვნიშნავთ, რომ სებ-ის საზედამხედველო ჩარჩო ხანდაზმულობის ვადით შეზღუდული არ არის.
ბანკის დამფუძნებელი ადმინისტრატორების ბიზნესებთან დაკავშირებული ინტერესთა კონფლიქტის მაღალი რისკები მუდმივად იყო ეროვნული ბანკის ყურადღების ცენტრში. 2014 - 2017 წლებში ინტერესთა კონფლიქტის რისკების შემცირების მიზნით, სებ-ი თანმიმდევრულად ცდილობდა ბანკში კორპორაციული მართვის ხარისხის გაუმჯობესებას. სხვა საკითხებთან ერთად, ეს საკითხი ხაზგასმული იყო 2018 წლის თებერვლის „რისკების შეფასების საერთო პროგრამის" (General Risk Assessment Program) წერილში (იხ. დანართი), რომელიც ბანკს უწესებს დამატებითი კაპიტალის მოთხოვნას.
2018 წლის სექტემბრის შემოწმების (რომელიც 2007-2008 წლის ტრანზაქციებს ეხებოდა) შედეგად აღმოჩენილი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამო, ეროვნული ბანკი, მისი მანდატისა და კანონმდებლობის ფარგლებში, ვალდებული იყო გადაედგა შესაბამისი ნაბიჯები. კერძოდ, 2018 წლის 19 ნოემბრის ეროვნული ბანკის საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის სხდომის გადაწყვეტილებით:
- ბანკს აეკრძალა ახალი სესხების და გარანტიების გაცემა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეზე, ასევე მათთან დაკავშირებულ პირებზე;
- თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელ წევრებს მიეცათ 2 თვის ვადა, რათა წარმოედგინა თავიანთი პოზიცია ბანკის ადმინისტრატორების მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევებთან დაკავშირებით;
- თიბისი ბანკს დაეკისრა ფულადი ჯარიმა 1,1 მლნ ლარის ოდენობით;
ეროვნული ბანკის მოთხოვნისა და ორთვიანი ვადის მიცემის მიუხედავად, თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ წარმოდგენილი პასუხმა ვერ დააკმაყოფილა ეროვნული ბანკის მოლოდინი. 2019 წლის 13 თებერვალს, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტზე განხილვის შედეგად, სებ-მა ბანკის შესაბამის ორგანოს მოსთხოვა: ა) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევა; ბ) მინორიტარი აქციონერების მიერ შერჩეული ორი ახალი წევრის დამატება.
აქვე უნდა დავაზუსტოთ, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება არ ეხება აღნიშნული პირების ყოფნას თიბისი ბანკის საბჭოს ზემდგომ ორგანოში TBC BANK GROUP PLC-ში (თიბისი ბანკის 100%-იანი მფლობელი ლონდონში) და ასევე არ ეხება მათ წილებს თიბისი ბანკში. აღნიშნული საზედამხედველო ზომები გააუმჯობესებს ბანკის კორპორაციულ მართვას.
გვსურს ხაზი გავუსვათ, რომ სებ-ის მიერ 2019 წლის 13 თებერვალს გატარებული საზედამხედველო ზომები არ ვრცელდება უშუალოდ თიბისი ბანკზე. აღნიშნული ზომები მიმართულია მხოლოდ ბანკის მმართველობის სტრუქტურის გაუმჯობესებასა და ერთი ან ორი პირის მხრიდან საბჭოზე გავლენის კონცენტრაციის თავიდან აცილებაზე.
თიბისი ბანკი არის სისტემური მნიშვნელობის ბანკი, შესაბამისად, ქვეყნის ფინანსური სტაბილურობისათვის მნიშვნელოვანია, რომ ბანკის კორპორაციული მართვის სტრუქტურა და ინტერესთა კონფლიქტის პოლიტიკა მსხვილი ფინანსური ინსტიტუტის შესაბამისი იყოს. საქართველოს ეროვნული ბანკი, კანონმდებლობისა და საერთაშორისო ნორმების შესაბამისად, ვალდებული იყო, ადეკვატური რეაგირება მოეხდინა სისტემური მნიშვნელობის ბანკში კორპორაციული მმართველობის პრობლემებსა და საზედამხედველო ნორმების უხეშ დარღვევებზე. გვინდა შეგახსენოთ, რომ სწორედ სებ-ის პრინციპული ზედამხედველობის შედეგად, საქართველოს საბანკო სისტემა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გახდა რეგიონში. უკომპრომისო საბანკო ზედამხედველობის შედეგია, რომ საქართველოდან ორი მსხვილი ბანკის აქციები საერთაშორისო ბაზარზეა განთავსებული და საერთაშორისო ინვესტორების მაღალი ნდობით სარგებლობს. ზედამხედველობის პრინციპების ნებისმიერი შესუსტება ან ეროვნული ბანკის მიზანმიმართული დისკრედიტაცია, დააზიანებს იმ სარგებელს, რაც საფინანსო სექტორმა და მთლიანად ქვეყანამ მიიღო საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციონირებით, რასაც ეროვნული ბანკი, ბუნებრივია, არ დაუშვებს.
ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი ინსტიტუტია. რეგულატორის მოვალეობაა მიიღოს საჭირო, ზოგჯერ - რთული და არაპოპულარული ზომები სისტემაში რისკების შესამცირებლად. მიუხედავად სხვადასხვა გავლენის ჯგუფების ინტერესებისა, სებ-ი, მისი ფინანსური სტაბილურობის მანდატით, მომავალშიც, სრულად და დარღვევის პროპორციულად, განახორციელებს ყველა იმ საზედამხედველო ღონისძიებას, რაც აუცილებელია ჯანსაღი საფინანსო სისტემის ფუნქციონირებისათვის“.