„ჩვენ რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ვებრძოდით და ვიდექით ტყვიების ზუზუნში ამ სიტყვების ავტორი გოგლიმოგლს მიირთმევდა და ჭუჭრუტანიდან გვიყურებდა, გავუძლებდით და გადავრჩებოდით, თუ არა და აი, გოგლი-მოგლზე გაზრდილი პატარა ბიჭები რომ თავს უფლებას აძლევენ, ასეთი ტონით ლაპარაკობენ ამის პასუხს მიიღებს ჩემს ბოლო დასკვნაში“, - განაცხადა პარლამენტის წევრმა ეკა ბესელიამ ირაკლი კობახიძის განცხადების პასუხად.
“ადამიანს, რომელიც მიიჩნევს, რომ გუშინ თუ ბოროტებას სჩადიოდა, დღეს კეთილად გასხივოსნდნენ, ეს ადამიანი მორალურად ზუსტად იქ დგას, სადაც იდგნენ ადამიანები, ვისაც ჩვენ ვებრძოდით, დღესაც ვებრძვით. სულ არ მაინტერესებს „ნაციონალური მოძრაობა... გაბედა და თქვა იმ ადამიანმა, ვისაც არ აქვს მორალური უფლება, ასე ილაპარაკოს ჩვენი მისამართით. რატომ არ აქვს მორალური უფლება, კონსტიტუციის მიღების დღეს ასე ილაპარაკოს, ამას ტრიბუნიდან შევახსენებ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
პარლამენტის პლენარული სხდომის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ლევან გოგიჩაიშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების პოზიცია ერთმანეთს ემთხვევა, რაც ნიშანდობლივია.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში განიხილავენ ეკა ბესელიას მიერ წარდგენილ კანონპროექტს „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, რაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაზე მორატორიუმის გამოცხადებას ითვალისწინებს.