სააქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გერმანიაში ქართულ დიასპორასთან შეხვედრა გამართა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა მოკლედ შეაჯამა ის ვიზიტები, რომელიც საქართველოს პრეზიდენტად არჩევის შემდეგ გამართა ბრიუსელში, ავღანეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში.
როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, მან აქტიური საქმიანობა საგარეო ურთიერთობების მიმართულებით დაიწყო, რადგან საგარეო ურთიერთობები, ისეთი პატარა ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ის, რაც საქართველოს ხელისუფლებას აძლევს უფრო მეტი და მჭიდრო თანამშრომლობისა და კონტაქტების განვითარების შესაძლებლობას.
,,ჩვენ გვჭირდება ამ შესაძლებლობების გამოყენება, რადგან საქართველომ ახსნას თავისი პოლიტიკა, შეახსენოს საკუთარი თავი მსოფლიოს და დააყენოს გარკვეული საკითხები და მოთხოვნები.
"ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით, ძალიან დიდი გზა გავიარეთ. არასოდეს ვიფიქრებდი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ნებართვის მიღებას.
მართალია, ზოგიერთი ქართველი სარგებლობს ამით და თავშესაფრის მოთხოვნით სურს ევროპაში დარჩენა, მაგრამ ჩვენმა პარტნიორებმა იციან, რომ საქართველოს ხელისუფლება ატარებს საინფორმაციო კამპანიებს ამ მიმართულებით“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი დიასპორის წარმომადგენლებს იმ პერსპექტივებზე ესაუბრა, რომელიც სამშობლოში დაბრუნებისას შეექმნებათ. ასევე მან ყურადღება გაამახვილა, ე.წ. ცირკულარულ მიგრაციის საკითხზე, რომელიც გარკვეული პროფესიების მქონე საქართველოს მოქალაქეებისათვის, გარკვეული დროით, საზღვარგარეთ ლეგალური დასაქმების უფლებით სარგებლობას გულისხმობს.
პრეზიდენტის განცხადებით, ცირკულარულ მიგრაციასთან დაკავშირებული ხელშეკრულება უკვე ხელმოწერილია საფრანგეთთან, ამ ეტაპზე მუშავდება ის დარგები და დეტალები, რითაც შეიძლება ისარგებლონ საქართველოს მოქალაქეებმა. გერმანიასთან კი, ჯერ მხოლოდ დაწყებულია მუშაობა ამ მიმართულებით და გერმანელები დიდ იმედებს ამყარებენ, რომ ამით შეზღუდავენ არალეგალურ მიგრაციას.
ზურაბიშვილმა დიასპორასთან ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესზე, საქართველოს პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, ცილისწამებისა და დეზინფორმაციის გავრცელების საფრთხეებზე, ორმაგი მოქალაქეობის საკითხზე და საქართველოს საშინაო პოლიტიკაზე ისაუბრა.