საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი, ბერლინის კიორბერის ფონდში შეხვედრით დაასრულა, სადაც მონაწილეობა მიიღო პოლიტიკური საუზმის ფორმატში გამართულ დებატებში.
საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა, ოკუპირებული ტერიტორიები, რუსეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ, საქართველოს პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერის კონსოლიდაცია და ქვეყნის საშინაო პოლიტიკის გამოწვევები, ვიზალიბერალიზაციის შედეგები, არალეგალური მიგრაცია და საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობები - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რითაც გერმანელი ექსპერტები დაინტერესდნენ და საქართველოს პრეზიდენტმა მათ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.
კიორბერის ფონდი არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც 1959 წელს გერმანელმა ბიზნესმენმა კურტ ა. კიორბერმა დააარსა.
კიორბერის ფონდში განიხილავენ აქტუალურ პოლიტიკურ თემებს და სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებულ პროექტებს ახორციელებენ. მისი დღის წესრიგი ორიენტირებულია ევროპის საგარეო პოლიტიკის ძირითად სფეროებზე ახლო აღმოსავლეთში, აღმოსავლეთ ევროპაში, რუსეთსა და დსთ-ში.
პოლიტიკური საუზმეების ფორმატი (Political Breakfasts) ბერლინში მაღალი დონის დისკუსიებია, რომლებიც ცდილობენ გერმანიის დედაქალაქში საგარეო პოლიტიკის დისკურსის განვითარებას.