29 იანვარს თბილისში, სასტუმრო „რედისონში“ ტრანსპორტის საკითხებში ევროკავშირი - საქართველოს მაღალი დონის დიალოგის სხდომა გაიმართება.
სხდომას გახსნიან საქართველო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია და ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორი ჰენრიკ ჰოლოლეი.
ტრანსპორტის საკითხებზე ევროკავშირი-საქართველოს მაღალი დონის დიალოგის ფორმატის მცირე ხნის წინ დაარსდა. შესაბამისად, თბილისში აღნიშნული ფორმატით პირველი სხდომა იმართება. აღნიშნული გადაწყვეტილების მთავარ მიზანს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის განვითარება და გაღრმავება წარმოადგენს.
თბილისში დაგეგმილ პირველ სხდომაზე მხარეები განიხილავენ ისეთ სტრატეგიულ საკითხებს, როგორიცაა ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის განვითარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ევროკავშირის სტრატეგია ევროპა-აზიის დაკავშირების კუთხით, რომლის დროსაც საქართველოს მხარე წარადგენს პრეზენტაციას საკუთარ სატრანზიტო შესაძლებლობებზე ევროკავშირის სტრატეგიის განხორციელების გზაზე. შეხვედრაზე ასევე აქცენტი გაკეთდება სატრანსპორტო კავშირების გაციფროვნებაზე, საგზაო უსაფრთხოებაზე, ურბანული სატრანსპორტო სისტემების განვითარებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.