„საქართველო არის ძალიან დაფასებული და ძალიან მაღლა დგას ევროკავშირის ინტერესებში, როგორც ერთ-ერთი ქვეყანა - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ პრეკონფერენციაზე, რომელზეც ბრიუსელში ვიზიტი შეაჯამა.
„საქართველო არის ძალიან დაფასებული და ძალიან მაღლა დგას ევროკავშირის ინტერესებში, როგორც ერთ-ერთი ქვეყანა. ცოტანი დარჩნენ ასეთი, რომელშიც ჯერ კიდევ შეიმჩნევა ევროენთუზიაზმი, რაც დღეს NDI-ს კვლევაში გამოჩნდა, რომ ჩვენთან უცვლელია განწყობა ევროკავშირისა და ნატო-ს მიმართ. ეს ის განწყობაა, რომელიც მე ჩავიტანე. ეს არის ერთ-ერთი საკითხი, ჩვენი ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატო-ში, რომელზედაც არის სრული კონსენსუსი ქვეყანაში მთავარ პოლიტიკური ძალებს შორის და რაც მთავარია, საზოგადოების მხრიდან უცვლელია დადებითი განწყობა ამ ინტეგრაციის პროცესის მიმართ იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ველოდებით უფრო ჩქარ პროგრესს, უფრო გადადგმულ გამბედავ ნაბიჯებს, მაგრამ მაინც არსებობს ეს ძალიან დადებითი განწყობა ჩვენი მხრიდან. ეს ორი განწყობა იყო თანხვედრაში ამ ვიზიტის დროს. ჩემი მხრიდან არა მხოლოდ ხაზი გავუსვი იმას, რომ ეს არის კონსენსუსის საკითხი ქვეყანაში, არამედ იმასაც, რომ მესმის დღევანდელ დღეს, რა არის შემაფერხებელი გარემოებები – ბრექსიტი, საპარლამენტო არჩევნები. არავინ იცის, რა შედეგი იქნება არჩევნებში, თუმცა ამ რეალიზმის იქით და რეალიზმის გათვალისწინებით, ჩვენ უნდა ვიყოთ და მეც ვიქნები ამბიციური საქართველოსთვის, რადგან საქართველოს აქვს ყველა ის მონაცემი, რომ გადაიდგას უფრო სწრაფი ნაბიჯები. უფრო გამბედავი ნაბიჯები ნიშნავს, რომ ევროკავშირი უნდა იყოს უფრო ჩართული საქართველოში და საქართველო ევროპაში უნდა იყოს გამოჩენილი“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.