29 იანვარს, 09.00 საათზე თბილისის ტექნოპარკში გაიხსნება კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“, ის ბრიტანული ჟურნალის THE ECONOMIST-ის წლიური გამოცემის „მსოფლიო 2019“- ის ეგიდით იმართება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს კონფერენციის მუშაობაში, კერძოდ, გიორგი ქობულია კონფერენციაზე სამი პანელის სპიკერი იქნება.
კონფერენციაზე საუბარი წარიმართება საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმებისა და პროექტების შესახებ, შედგება ქვეყნის განვითარების ამოცანებისა და პერსპექტივების შესახებ მსჯელობა რეგიონულ და საერთაშორისო ჭრილში.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი 29 იანვარს მონაწილეობას მიიღებს პანელში „საქართველოს გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრაციის პერსპექტივები“, მასთან ერთად პანელის სპიკერები იქნებიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ვიცე–პრემიერი მაია ცქიტიშვილი და კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში.
30 იანვარს გიორგი ქობულია ტურიზმისა და მეწარმეობის თემაზე გამართული პანელების სპიკერი იქნება და კონფერენციის მონაწილე საზოგადოებას გააცნობს საკუთარ ხედვას და მოსაზრებებს, ამასთან, შედგება დისკუსია პანელის დამსწრეებთან, მინისტრი მათ შეკითხვებს უპასუხებს. 30 იანვარს ასევე გაიმართება პანელი თემაზე „მწვანე ეკონომიკა – ეკონომიკური განვითარების მოდელი საქართველოსთვის. რა გაკეთდა და რა უნდა გაკეთდეს ეკოლოგიური ეკონომიკის შესაქმნელად?“, პანელის სპიკერი იქნება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა.
კონფერენციაში „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ მონაწილოებას იღებენ საქართველოს ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები. კონფერენციაზე საპატიო სტუმრად მოწვეულია ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორი ჰენრიკ ჰოლოლეი. კონფერენციაზე რვა პანელი სხვადასხვა თემაზე ჩატარდება, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.