თავს ვალდებულად ვგრძნობთ, გაგიზიაროთ ჩვენი განცდა, რომ არა მხოლოდ პეტრე ცაავას, არამედ მეუფე გრიგოლს (ბერბიჭაშვილს) და მეუფე საბასაც (ინწკირველს) ალბათ დაავიწყდათ, რომ ეკლესია NGO არ არის და აზრთა სხვადასხვაობა სინოდის ფარგლებს არ უნდა გასცდეს, - ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელიც ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა პატრიარქსა და წმინდა სინდოს გაუგზავნეს.
„წუხილით უნდა აღვნიშნოთ, რომ პეტრე ცაავას ნამდვილად ვერ აღვიქვამთ მეუფედ, რადგან იგი ნამდვილად არ წარმოადგენს სიყვარულის, დიდსულოვნებისა თუ თვინიერების მაგალითს. მისი აშკარა და დაუმალავი უპატივცემულობა პატრიარქისა თუ წმინდა სინოდის მიმართ, მისი გამომწვევი და ცილისმწამებლური განცხადებები აზიანებს და სახელს უტეხს დედა ეკლესიას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ: მრევლის აბსოლუტურ უმრავლესობას მიაჩნია, რომ პეტრე ცაავა ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი აღარ უნდა იყოს.
თავს ვალდებულად ვგრძნობთ, გაგიზიაროთ ჩვენი განცდა, რომ არა მხოლოდ პეტრე ცაავას, არამედ მეუფე გრიგოლს (ბერბიჭაშვილს) და მეუფე საბასაც (ინწკირველს) ალბათ დაავიწყდათ, რომ ეკლესია NGO არ არის და აზრთა სხვადასხვაობა სინოდის ფარგლებს არ უნდა გასცდეს. გასაოცარია, რომ დღეს ზოგიერთი მეუფე, ფაქტობრივად, პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, საგარეო სტრატეგიასა და გეოპოლიტიკურ ინტერესებზე საუბრობს, მაშინ, როცა სააკაშვილ-ბოკერიას დამნაშავე რეჟიმის პირობებში, ადამიანების ფიზიკური განადგურებისა და წამების დროს, უამრავი მეუფე დუმდა და ამ დუმილს ეკლესიის სახელმწიფოსაგან გამიჯნულობით ხსნიდა.
მრევლისთვის გამაოგნებელი და გაუგებარია არაერთი მეუფის უკმაყოფილება მიტროპოლიტ შიოს (მუჯირის) საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეობის გამო, ზოგიერთს კი საკუთარი თავი მიაჩნია უფრო ღირსეულად. შეშფოთებული მრევლიც დღეს უკვე ღიად კითხულობს – სად არის აქ თავმდაბლობა, სიმშვიდე და მორჩილება?!
ბუნებრივია, ამ წერილით ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ გვსურს ვითარების გამძაფრება, ჩვენ გულწრფელად გვიყვარს პატრიარქი, თავს მის სულიერ შვილებად მივიჩნევთ და, ცხადია, სინოდის წევრების უმრავლესობას უაღრესად ვაფასებთ და დიდ პატივს ვცემთ.
ჩვენ, უბრალოდ, არ გვინდა, რომ ეკლესიაში არსებული დაძაბულობა გადაიზარდოს დიდ განხეთქილებასა და მძაფრ დაპირისპირებაში, და, მით უფრო, არაფრით არ გვსურს, რომ ხალხი მოწყდეს დედა ეკლესიას“, - ნათქვამია წერილში.