დანაშაულებრივი ჯგუფები საქართველოდან კვლავ ერთ-ერთ ყველაზე ხშირია არაწევრი ქვეყნებიდან, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის მეორე ანგარიშში, რომელიც დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ მოთხოვნების შესრულებას ეხება. ევროკომისიამ ანგარიში ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოსთვის მოამზადა, რომელსაც დღეს წარუდგენს.
„ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები საქართველოდან კვლავ ერთ-ერთ ყველაზე ხშირად წარმოდგენილ ჯგუფებს შეადგენენ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების იმ მოქალაქეებს შორის, რომლებიც ჩართულნი არიან მძიმე და ორგანიზებულ დანაშაულში ევროკავშირის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით საფრანგეთში, საბერძნეთში, გერმანიაში, იტალიაში, ესპანეთსა და შვედეთში. ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები საქართველოდან ისევ ჩართულნი არიან საკუთრების ხელყოფასთან დაკავშირებულ დანაშაულში და ამასთანავე ისინი აქტიურად განაგრძობენ კრიმინალური შემოსავლების გათეთრებას. ნარკოტიკების უკანონო მიმოქცევა კვლავ რჩება საკითხად, რომელიც მონიტორინგს მოითხოვს“, - წერია ანგარიშში.
ევროკიმისიის მეორე ანგარიში მომზადდა სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში. კომისიას აქვს ვალდებულება მონიტორინგი გაუწიოს მესამე ქვეყნების მიერ ვიზების ლიბერალიზაციით გათვალისწინებული მოთხოვნების უწყვეტ შესრულებას. შესრულების შედეგების შესახებ ანგარიში უნდა წარუდგინოს ევროპარლამენტსა და ევროსაბჭოს, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ. შეფასების პერიოდი 2017 წლის დეკემბერში სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში პირველი ანგარიშის მიღებიდან იწყება.
ანგარიშის სტატისტიკური ნაწილი ევროკავშირის 26 წევრ სახელმწიფოს ფარავს, რომელზეც (ევროკავშირის) 2018/1806 რეგულაცია ვრცელდება და შენგენის ოთხ ასოცირებულ ქვეყნას (შემდგომში "შენგენ+ ზონა"). კონკრეტული სფეროების შეფასება ძირითადად ეყრდნობა ინფორმაციას, რომელიც ევროსტატს მიაწოდა შენგენ+ ზონის ქვეყნებმა, ევროკავშირის უწყებებმა (ევროპის პოლიციის სამსახურმა, თავისუფლების, უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების სფეროში ფართომასშტაბიანი კომპიუტერული სისტემების ოპერატიული მართვის ევროპულმა სააგენტომ (eu-LISA), ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისმა (EASO), ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტომ (EBCGA) და ევროკავშირის სამართლებრივი თანამშრომლობის სააგენტომ); ასევე მოხდა ინფორმაციის გაცვლა ევროკომისიას, ევროკავშირის საგარეო სამსახურსა და უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე ქვეყნებს შორის.