სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმას ევროპელ ექსპერტებს გააცნობს.
იაკობაშვილი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ევროპელ და ამერიკელ ექსპერტებს შეხვდება.
როგორც იაკობაშვილი აცხადებს, სამოქმედო გეგმის საბოლოო ვარიანტი ივნისის ბოლოს იქნება მზად, რის შემდეგაც ის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას წარედგინება.
"გეგმის მომზადებისა და მისი მთავრობის მიერ დამტკიცების შემდეგ, ის წარედგინება ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, მათ შორის ნატოს. ნატოსთვის მნიშვნელოვანია იცოდეს საქართველო რას აპირებს კონკრეტულად ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით", - აცხადებს სახელმწიფო მინისტრი.
მისივე თქმით, აფხაზეთსა და ოსეთს, ორი თემი ჰყავს - ოკუპირებულ რეიგონებში დარჩენილი მოსახლეობა და ამ ტერიტორიიდან წამოსული ადამიანები, რომელთა მოსაზრება ნებისმიერ მოლაპარაკებაში გათვალისიწნებული უნდა იქნას.
როგორც ცნობილია სტრატეგია თარგმნილია რუსულ, აფხაზურ და ოსურ ენებზე და ტექსტი უკვე გაეგზავნა ევროკავშირს, ეუთოს, გაეროს, ევროსაბჭოს და ნატოს.