ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, მცირეხნიანი პაუზის შემდეგ, პრემიერისთვის ემზადება.
2,3 და 4 ივნისს - მაყურებელი ვაჟა-ფშაველას "სტუმარ-მასპინძელს'' იხილავს, რომელიც თბილისიდან მოწვეულმა რეჟისორმა - სოსო ნემსაძემ დადგა. თეატრი ნახევარწლიანი შესვენების შემდეგ კვლავ აქტიურ მუშაობას იწყებს. "სტუმარ-მასპინძელი' ვაჟა-ფშაველას 150 წლის იუბილეს ეძღვნება.
როგორც რეჟისორი ამბობს, ვაჟა-ფშაველა არის ის მწერალი, რომლის შემოქმედებაც სცენურ აქტუალობას არ კარაგავს.
სოსო ნემსაძის განცხადებით, ნაწარმოებში დასმული პრობლემა დღესაც აქტუალურია, მისი თქმით, ზუგდიდიდან რამდენიმე კილომეტრში კონფლიქტის საზღვარი გადის და ამის გამო საჭირო გახდა თემის მოდერნიზება. „პრემიერამდე ორი დღე დარჩა, ვფიქრობთ რომ ზუგდიდელი მაყურებლისთვის ჩვენს მიერ შეთავაზებული სცენური ვერსია საინტერესო იქნება."- აღნიშნავს რეჟისორი.
ახალი მმართველის დანიშვნის შემდეგ ეს პირველი სპექტაკლია და ის ვაჟა-ფშაველას 150 წლის იუბილეს ეძღვნება. მუსიკალური გაფორმება - გიორგი მაისურაძეს ეკუთვნის. მხატვარი კი მარიკა კორკელიაა. ქორეოგრაფიაზე - ირა კუპრავამ იმუშავა. მთავარ როლს სპექტაკლში მომღერალი გიორგი ფოჩხუა თამაშობს, ამ სპექტაკლში მისი დებიუტი შედგება.
სპეკტაკლი საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს და ,,ლიბერთი ბანკის'' სამეგრელოს ფილიალის ფინანსური მხარდაჭერით დაიდგა.
თეატრის ხელმძღვანელი მაია კალანდია ამბობს, რომ თეატრში ჯერ კიდევ ბევრი მოუგვარებელი პრობლემაა, უკვე რამდენიმე წელია სცენას აწვიმს. თუმცა მისი თქმით, ეს არ არის მთავარი საკითხი. თეატრის მმართველი ცდილობს ახალი თაობის მსახიობების პროფესიონალური დონის ამაღლებას ხელი შეუწყოს, ამიტომაც თეატრალურ უნივერისტეტში მომავალი წლიდან სპეციალურად ზუგდიდის ჯგუფის შექმნა იგეგმება.
თეატრის ახალი მმართველი დარწმუნებულია, რომ ზუგდიდს ხუთ წელიწადში ექნება ტექნიკურად აღჭურვილი თანამედროვე თეატრი და ეყოლება დიდი შემოქმედებითი ჯგუფი.