"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" არჩევნებში მონაწილე პარტიებს მიმართავს
"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" არჩევნებში მონაწილე პარტიებს მიმართვას უგზავნის და მოუწოდებს, "დაკავდნენ თავიანთი წინასაარჩვენო კამპანიით და გამარჯვებისთვის იბრძოლონ". აღნიშნული მიმართვა სპეციალურ ბრიფინგზე "დემოკრატიული მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა, ვახტანგ ყოლბაიამ გაახმოვანა.
"პარტიებს, რომლებმაც არსებული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის გზად თვითმმართველობის არჩევნები აირჩიეს, მოვუწოდებთ, დაკავდნენ საკუთარი წინასაარჩვენო კაპანიით და გამარჯვებისთვის იბრძოლონ. სამწუხროდ, ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ვერ ან არ გააცნობიერა, რომ ვადამდელ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩვენებამდე ურთიერთკრიტიკა აზარალებს როგორც მთელ ოპოზიციურ სპექტრს, ასევე საზოგადოებას და რეჟიმის გახანგრძლივებას უწყობს ხელს", - ნათქვამია მიმართვაში.
ბურჯანაძის პარტია ოპოზიციონერ კოლეგებს მათი მისამართით გაკეთებული "დაუსაბუთებელი ბრალდებებისა და შეურაცხყოფისგან" თავის შეკავებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, "ადეკვატური პასუხით" იმუქრება.
"გვსურს, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ ოპოზიციურ პარტიებს, თავი შეიკავონ უსაფუძვლო კრიტიკისგან, რადაგან იმ შემთხვევაში, თუ გაგრძელდება მსგავსი ქმედებები, ვიტოვებთ უფლებას ვიმოქმედოთ ჩვენი შეხედულებებისამებრ - ჩვენი მხრიდან გაცემული პასუხი, რომელიც იქნება ადეკვატური და დასაბუთებული, მათ მნიშვნელოვნად დააზარალებს და შელახულ იმიჯს კიდევ უფრო შეულახავს. ნათელი გახდება, ვისი რა ნაბიჯი რით იყო განპირობებული და რეალურად რამდენად დაზარალდა საზოგადოება ოპოზიციის არასწორი ნაბიჯების გამო", - აღნიშნულია მიმართვაში.