საქართველოს შეიარაღებული ძალების დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში იმყოფება. ქართველმა ოფიცრებმა ავღანეთში ვიზიტი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინაში სტუმრობით დაიწყეს. 
 
 საქართველოს ეროვნული გვარდიის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა ლევან გამყრელიძემ, სახმელეთო ძალების დასავლეთის სარდალმა, პოლკოვნიკმა მიხეილ სადუნიშვილმა, ასევე II და III ქვეითი ბრიგადების მეთაურებმა II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის გაძლიერებული ასეულის პირადი შემადგენლობა მოინახულეს. ასეულის მეთაურმა, მაიორმა ირაკლი ქობალიამ სტუმრებს საინფორმაციო-გაცნობითი ბრიფინგი გაუმართა და ქართული ქვედანაყოფის ოპერაციებთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდა.
 
 ბრიფინგის დასრულების შემდეგ დელეგაციის წევრები 31-ე ბატალიონის ასეულის სამხედრო მოსამსახურეებსაც გაესაუბრნენ.
 
 შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ ავღანეთში უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი გიორგი ბლიაძე და მთავარი სერჟანტი ალუდა კოპალიანი.
 
 საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ნაკრები ასეულის მთავარი ამოცანა, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მდებარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.