საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ილია სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სასამართლოდან აცნობეს, მემორანდუმს დღეს, 15:00 საათზე, ხელს გიორგი პაპუაშვილი და გიგი თევზაძე მოაწერენ.
"მემორანდუმი მიზნად ისახავს სამართლებრივი კონსტიტუციური უფლებების და საკონსტიტუციო სამართლის პოპულარიზაციას, საგანმანათლებლო საქმიანობას, სტუდენტებისა და იურისტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთობლივად დაგეგმავენ და განახორციელებენ საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტებს", - აცხადებენ სასამართლოში.
უფრო კონკრეტულად, მემურანდუმით გათვალისწინებული პროგრამების ფარგლებში მოეწყობა "საზაფხულო სკოლა", სადაც სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტებსა და ახალგაზრდა იურისტებს შესაძლებლობა მიეცემათ გაიზიარონ ამერიკისა და ევროპის ქვეყნების წამყვანი უნივერსიტეტებიდან მოწვეული სპეციალისტების ცოდნა და გამოცდილება. მოეწყობა აგრეთვე მნიშვნელოვანი სამართლებრივი საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციები და გამოიცემა სამეცნიერო-სამართლებრივი გამოცემები.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უკვე ორი წელია თანამშრომლობენ და ერთობლივად ახორციელებენ სხვადასხვა სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროგრამებს.