სანკტ-პეტერბურგში საქართველოს ხალხთა უცხოეთის დიასპორების მსოფლიო ფორუმის სახელით შეკრება მიმდინარეობს. რამდენიმე ათეულ განსახილველ საკითხთა შორის შეკრებილები საქართველოს ნეიტრალიტეტზედაც მსჯელობენ.
ფორუმი რუსეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა ალექსანდრე ებრალიძემ გახსნა და სამი ინიციატივა წამოაყენა. მას სურს ჩამოაყალიბოს კომისია აფხაზებსა და ოსებთან ურთიერთობების დასარეგულირებლად. უნდა შეიქმნას საერთაშორისო მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც მეთვალყურეობას გაუწევს საქართველოში საარჩევნო პროცესს. კონგრესი ასევე მხარს დაუჭერს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც კონგრესის მსგავსი პოლიტიკური შეხედულებები და პლატფორმა ექნება.
"2010 წლიდან ვიწყებთ აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას საქართველოში, მაგრამ ეს არ იქნება დაკავშირებული პოლიტიკური პარტიის შექმნასთან, რადგან ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბება გახლეჩს ოპოზიციურ მოძრაობას. გვაქვს რამდენიმე შემოთავაზება ქართული პარტიებიდან, რომლებსაც განხილვის შემდეგ დავუჭერთ მხარს. დღევანდელი ხელისუფლების მთავარი ძალა საარჩევნო მოედანია. ისინი ფლობენ თანამედროვე საარჩევნო ტექნოლოგიებს. ამიტომ უნდა შევქმნათ არჩევნების მონიტორინგის საერთაშორისო ჯგუფი, რომელსაც კონგრესი დააფინანსებს. აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში მხარს დავუჭერთ ისეთ ძალასა და ისეთ ლიდერს, რომლის პროგრამაც ახლოს იქნება სიტუაციის ჩვენეულ ხედვასთან", _ განაცხადა ებრალიძემ.