პოლიტოლოგ ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, ქართველი ოპოზიციონერი ლიდერების რუსეთში ვიზიტები არა სახელმწიფოებრივ, არამედ შიდაპოლიტიკურ ინტერესებზეა გათვლილი.
"რიგი ქართველი ოპოზიციონერის მოსკოვში ვოიაჟებს პოზიტიურად ვერ ვაფასებ. მიმაჩნია, რომ ამ ყველაფერს ვიწროპოლიტიკური ფონი გასდევს.
ვფიქრობ, ისინი იმ ნიშის ამოვსებას ცდილობენ, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებამ, თავისი არასწორი პოლიტიკით რუსეთთან მისასვლელი გზები დაკარგა. გარკვეული ძალები ფიქრობენ, რომ ამ ნიშის ამოვსებით შეიძლება იმათი ხმები მოიპოვონ, რომლებიც ჯერ კიდევ ჩრდილოეთისკენ იცქირებიან. სხვათაშორის, გუშინ, ნატოს საინფორმაციო ცენტრმა საინტერესო კვლევები მომაწოდა, რომლის მიხედვითაც, რუსეთისკენ არც თუ ცოტა ადამიანი იცქირება - საუბარია მოსახლეობის 10-დან 25 %-მდე, რაც არც თუ ცოტაა, იმის გათვალისწინებით, რუსეთთან რა დამოკიდებულებაშიც ვიმყოფებით. აქედან გამომდინარე, იმ პოლიტიკური ძალებისთვის, რომლებიც რუსეთში დადიან, თუნდაც ხმების ამ 25 %-ზე მუშაობა მომგებიანია, თუმცა მიმაჩნია, რომ შიდაპოლიტიკაში ქულების მტერთან თანამშრომლობითა და მასთან ურთიერთობით დაგროვება არასწორია", - განუცხადა სესიაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" "ეროვნული საბჭოს" ლიდერების კობა დავითაშვილისა და კახა კუკავას რუსეთში ვიზიტზე კომენტირებისას.
მისივე განმარტებით, რუსეთთან დიალოგი საჭიროა, მაგრამ მას სწორი ადრესატი უნდა ჰყავდეს და პროცესიც სხვა ფორმით წარიმართოს.
შეგახსენებთ, რომ კობა დავითაშვილი და კახა კუკავა რუსეთში დღეს გაემგზავრნენ. მათი განმარტებით, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები როგორც რუსეთის ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებთან გაიმართება.
"გარდა ამისა, შევხვდებით ქართული დიასპორისა და საზოგადოების წარმომადგენლებს", - განმარტა "ეროვნული საბჭოს" ერთ-ერთმა ლიდერმა კობა დავითაშვილმა
ისინი ასევე სანკტ-პეტერბურგში "ქართველ ხალხთა მსოფლიო კონგრესის" მიერ ორგანიზებულ, ქართული დიასპორების ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც 23-24 აპრილს გაიმართება.