საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სკოლებში ბავშვებს ისტორიას დამახინჯებული ფაქტებით ასწავლიან. აღნიშნული ფაქტი კვლევის შედეგად არის დადასტურებული.
სახელმძღვანელოები, რომლებსაც ამ სკოლებში იყენებენ, ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტმა პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებით კომისიასთან ერთად შეისწავლა.
სპეციალისტთა შეფასებით, სიმართლეს არ შეესაბამება არც ერთი ცნობა, რომელიც აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შეეხება. ამ საკითხებზე დღეს ექსპერტები დეპუტატებთან ერთად უფრო კონკრეტულად ისაუბრებენ. შესწავლილი მასალები კი, შემდგომში საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაეგზავნება.
"ეს არის სრულად დამახინჯება იმ რეალობისა, რაც ხდებოდა საუკუნეების განმავლობაში ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის. ამიტომ ამაზე ყურადღების გამახვილება მოხდება. ასევე არ უნდა დავუშვათ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა ახალგაზრდება ყალბი ისტორია შეისწავლონ. საერთაშორისო ორგანიზაციებს ამის თაობაზე საქმის კურსში ჩავაყენებთ", _ აცხადებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია.