პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, კავკასიის ტერიტორიაზე პირველად საქართველომ შექმნა თანამედროვე სახელმწიფოს შექმნის პრეცენდენტი.
"პირველად საქართველომ შექმნა თანამედროვე სახელმწიფოს შექმნის პრეცენდენტი კავკასიის ტერიტორიაზე და ეს აგიჟებს ყველას. არავის უნდოდა იმის დაჯერება, რომ ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც ყველაზე რთულ სიტუაციაშიც სწრაფად რეაგირებს პრობლემების აღმოსაფხვრელად და მუშაობს იმისთვის, რომ ბავშვები კარგ გარემოში გაიზარდონ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, წეროვანში სტიქიის შედეგად დაზარალებული დევნილების მონახულებისას.
ამასთან, ქვეყნის პირველი პირის განმარტებით, ასევე ყველას უჭირდა იმის დაჯერება, რომ წეროვანში ახალი დასახლების აშენება 4 თვეში მოხერხდა.
"ეს ქალაქი 4 თვეში აშენდა. ვერავინ იჯერებდა, რომ ამ ვადაში ეს შესაძლებელი იყო. მაგრამ ჩვენ ამას გულით ვაკეთებდით. დღეს აქ ვნახე სპორტული დარბაზი და საბავშო ბაღი, შემდეგ ჩამოსვლაზე დაგვხვდება ახალი გზები, შემდეგ - აქ იქნება ახალი საწარმოები... ის ოსები, რომლებიც ამ ბარაკებს იქეთ დარჩნენ დღესაც კარვებში ცხოვრობენ, მიუხედავად იმისა, რომ ოკუპანტები ფულში იხრჩობიან", - განმარტა პრეზიდენტმა.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა კმაყოფილება გამოთქვა სტიქიის დროს სახელმწიფო უწყებების მუშაობითაც და აღნიშნა, რომ ორგანიზებულად მოხდა, როგორც ხალხის გაფრთხილება, ისე ძლიერი წვიმების შედეგად დაზარალებული ადგილებიდან მათი გაყვანა, რათა "თავიდან ყოფილიყო აცილებული მსხვერპლი და სხვა შესაძლო უბედურება".