"ცუდი მომავლის ქრონიკა" ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი იყო. ამის გარდა, ომგამოვლილი ადამიანების ფსიქიკაზე ასეთი ზემოქმედება, რაც ტელეკომპანია "იმედის" „ცუდი მომავლის ქრონიკის" "ომის იმიტაციაში" იყო წარმოჩენილი არანაირად არ უწყობს ხელს ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოებას და საზოგადოების კონსოლიდაციას.
გადაცემის ავტორები ვალდებულნი იყვენ გაეთვალისწინებინათ ის რეაქცია, რაც შეიძლება მოჰყოლოდა ამ ფორმით წარმოდგენილ იმიტაციას და სიუჟეტის დემონსტრირებისას დაერთოთ შესაბამისი შინაარსის ტიტრები.
მიმაჩნია, რომ ასეთი "სცენარისას" არ შეიძლებოდა გამოყენებულიყო ქვეყნის მთავარსარდლის, „საქართველოს სახელმწიფოსა და აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის" მიმართ ფრაზა _ "ადგილსამყოფელი უცნობია" და განმარტებები სახელმწიფო დაწესებულებების ევაკუაციის შესახებ, უფრო მეტიც უზნეობად მივიჩნევ "იმიტაციაში" ჯარის "ღალატის" თემის გაჟღერებას.
გადაცემაში მონაწილე საზოგადეობას უნდა გაეთვალისწინებინათ, რომ მათი განმარტებები ქართული საზოგადოების რამდენიმეწუთიანი შოკის შემდეგ იყო აბსოლუტურად უადგილო და საუბარი უნდა წარემართათ არა იმაზე თუ, როგორ გავითარდება სცენარი საქართველოში, არამედ იმაზე, რომ არ შეიძლება არც საზოგადოების, არც ქართული სახელმწიფოს ხელისუფლებისა თუ ოპოზიციის ლიდერების, არც სხვა ქვეყნის სახელმწიფო ლიდერების სახელების გამოყენება გადაცემის რამდენიმეწუთიანი პოპულიარობისა და საზოგადოებაში პანიკის დასათესად.
ასეთი ტიპის გადაცემები საზოგადოების კონსოლიდაციის ნაცვლად ახდენს ხელისუფლების დისკრედიტაციას, და მას წარმოაჩენს, როგორც უსუსურ და ქმედუუნარო სტრუქტურას, რაც ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების გათვალისწინებით ყოვლად მიუღებელი ქმედებაა.
კარგი იქნებოდა გადაცემის ავტორებს იმ წუთებში, როდესაც თავიანთი "ხელოვნებით" ტკბებოდნენ თბილისის, გორის, სენაკის ქუჩები გადაეღოთ ტელეკამერებზე და წეროვანში მცხოვრები ომგამოვლილი ადამიანების განცდებზეც ეფიქრათ.
მედიის ფუნქცია ქვეყნისთვის საფრთხეების მორიდება უფროა ვიდრე საფრთხეების წარმოქმნა და საზოგადოებაში არაიმიტირებული პანიკის დათესვა.
აქვე ვადასტურებ პატივისცემას გამოხატვის თავისუფლების, ჟურნალისტების არჩევანის, მათი შემოქმედებითი თავისუფლების მიმართ, მაგრამ მივიჩნევ, რომ გადაცემა იყო აბსოლუტურად არეთიკური.
გოჩა მირცხულავა
საინფორმაციო სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენის" გენერალური დირექტორი