დონალდ ტუსკი თბილისში შეხვედრებს განაგრძობს. საქართველოსა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრებმა ნიკა გილაურმა და დონალდ ტუსკმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
შეხვედრის შემდეგ პოლონელმა პოლიტიკოსმა გმირთა მოედანზე გადაინაცვლა და საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპული გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკო.
წოტა ხნის წინ კი ტუსკი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისის წარმომადგენლებს შეხვდა.
"საქართველოში 24 პოლონელი მონიტორი იმყოფება, სულ კი ქვეყნის მასშტაბით 350 დამკვირვებელია. საინტერესო გამოდგა პოლონეთის პრემიერთან შეხვედრა, მან მონიტორებს მადლობა გადაუხადა საქართველოს სტაბილურობისათვის შეტანილი წვლილისთვის. პოლონელი მონიტორების მისია სექტემბრიდან გაგრძელდა და რამდენ ხანს დარჩებიან ისინი აქ, ეს ბრიუსელზე იქნება დამოკიდებული", - განაცხადა ტუსკთან შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრესსპიკერმა სტივ ბირდმა.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი თბილისში დღეს დილით ჩამოვიდა. აეროპორტში მას ქართველი კოლეგა, ნიკა გილაური დახვდა.