საქართველოს მოსახლეობა მე-5 პრეზიდენტს აირჩევს. საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, 6 წლის ვადით.
საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა 1991 წლის 14 აპრილს შემოიღეს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული კანონის საფუძველზე, რომლითაც დაწესდა რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობა. იმავე დღეს უზენაესმა საბჭომ რესპუბლიკის პრეზიდენტად აირჩია უზენაესი საბჭოს მაშინდელი თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია. პირველი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა 1991 წლის 26 მაისს, რომელშიც ზვიად გამსახურდიამ გაიმარჯვა, რომლის მმართველობა 1992 წლის 6 იანვრამდე გაგრძელდა.
საქართველოს შემდეგი პრეზიდენტი გახდა ედუარდ შევარდნაძე, რომელიც ქვეყანას 1992-1995 წლებში ჯერ სახელმწიფო საბჭოს მეთაურის, ხოლო შემდეგ საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის რანგში მართავდა. 1995 წლის ნოემბერში შევარდნაძე აირჩიეს საქართველოს პრეზიდენტად ხმათა 74%-ით. 2000 წლის 9 აპრილს ხმათა 82%-ით ხელმეორედ აირჩიეს საქართველოს პრეზიდენტად.
2003 წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით ტოტალური გაყალბების ფონზე ჩატარდა, მრავალდღიანი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, 23 ნოემბერს თანამდებობიდან გადადგა. პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე შეუდგა.
2004 წლის 4 იანვარს ჩატარებულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 96,27%-ით გაიმარჯვა მიხეილ სააკაშვილმა.
2007 წლის 25 ნოემბერს, მწვავე საპროტესტო აქციების ფონზე მიხეილ სააკაშვილი გადადგა პრეზიდენტის თანამდებობიდან და დაინიშნა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 2008 წლის 5 იანვარს. ამ დრომდე, პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ისევ ნინო ბურჯანაძე შეუდგა.
რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში სააკაშვილმა მიიღო ხმათა 53,47% და მეორე და უკანასკნელი ვადით გახდა საქართველოს პრეზიდენტი.
2013 წლის 27 ოქტომბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში, ხმათა 62%-ით საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გახდა გიორგი მარგველაშვილი.
2018 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები საქართველოს პრეზიდენტს პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩევენ. ახალი კონსტიტუციით, რომელიც ძალაში ახლადარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებიდან შევა, პრეზიდენტს 300 წევრიანი საარჩევნო კოლეგია აირჩევს.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საპრეზიდენტო კანდიდატების წარდგენის ვადა 8 სექტემბერს ამოიწურა. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი სულ 46-მა პირმა გამოხატა, თუმცა მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მათგან მხოლოდ 25 პირი დაარეგისტრირა პრეზიდენტობის კანდიდატად.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დარეგისტრირებულ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის არიან - დავით ბაქრაძე, „ევროპული საქართველო“, გრიგოლ ვაშაძე, ოპოზიციური გაერთიანება - „ძალა ერთობაშია“, სალომე ზურაბიშვილი - დამოუკიდებელი თუმცა, მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, დავით უსუფაშვილი - „შენების მოძრაობა“, ზურაბ ჯაფარიძე - პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“, შალვა ნათელაშვილი - ლეიბორისტული პარტია, კახა კუკავა - თავისუფალი საქართველო.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 3 518 877 პოტენციური ამომრჩეველია რეგისტრირებული. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 39 მლნ 136 ათას 784 ლარი დაიხარჯა.
საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 1 აგვისტოს გამოაცხადა.