საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია მმართველი გუნდიდან იმ დეპუტატების გარიცხვას არ გამორიცხავს, რომლებმაც ბოლო დღეების განმავლობაში პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და საპარლამენტო უმრავლესობის სხვა ლიდერები გააკრიტიკეს.
ნუკრი ქანთარიამ ე.წ. „გასარიცხი დეპუტატების“ გვარები ჩამოთვალა. მისი თქმით, უმრავლესობიდან გასარიცხთა რიგებში არიან თვითონ, ზაზა პაპუაშვილი, გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია, დავით ჭიჭინაძე და ბექა ნაცვლიშვილი.
ნუკრი ქანთარია "ქართულ ოცნებაში" არსებულ პრობლემებს ადასტურებს და ამბობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობას გამოფხიზლება სჭირდება, რის გამოც, მას და უმრავლესობის გარკვეულ ნაწილს მაღვიძარას როლი დაეკისრა.
მისივე თქმით, გედევან ფოფხაძის ნაჩქარევმა გადაწყვეტილებამ უმრავლესობაში არსებული პრობლემები გააშიშვლა.
"გედი ფოფხაძის ერთგვარმა ემოციურმა გადაწყვეტილებამ გარკვეულად გამოაშიშვლა პრობლემები", - განაცხადა ქანთარიამ.