კომპანია "ირაო მაგნატ გუდიაშვილი" განცხადებას ავრცელებს რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, კომპანია „ირაო მაგნატ გუდიაშვილსა" და თბილისის განვითარების ფონდს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ჩვენი კომპანია უფლებამოსილია პროექტების დამტკიცების შემდეგ, გუდიაშვილის მოედანზე მდებარე შენობებზე განახორციელოს სარეაბილიტაციო სამუშოები.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევითი პროცესი. არავითარი დემონტაჟი არ დაწყებულა. ჩატარებული წინასწარი სამუშაოები ითვალისწინებდა ზონდაჟის აგებას, ფასადზე ნალესობის ჩამოფხეკას, ფენების ლაბორატორიულ კვლევასა და ფუნდამენტებზე შურფების მოწყობას. აღნიშნული სამუშაოს ჩატარება აუცილებელია მდგომარეობის შესწავლის მიზნით, სრულფასოვანი სარესტავრაციო პროექტის შესაქმნელად.
კვლევის შედეგის შესაბამისად მომზადებული სარესტავრაციო პროექტები დასამტკიცებლად რამდენიმე დღეში წარედგინება ქალაქ თბილისის მერიისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ერთობლივ მეთოდოლოგიურ საბჭოს და ნებისმიერი დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს მათ.
პირველივე პროექტის დამტკიცების შემდეგ კომპანია „ირაო მაგნატ გუდიაშვილი" დაიწყებს ხელშეკრულების თანახმად ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, რაც გულისხმობს, რომ გუდიაშვილის მოედანზე არსებული ყველა შენობა აღდგება პირვანდელი ისტორიული სახით. შენობებს შეუნარჩუნდება მათი ავთენტურობა, არქიტექტურული იერ-სახე, გაბარიტები და საჭიროების შემთხვევაში მოხდება მათი გამაგრება.
მასალის გამოყენების პირობები