საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იმყოფებოდნენ თუ არა 20 ივნისის ღამეს პარლამენტის შენობაში დიპკორპუსის წარმომადგენლები, ურთიერთგამომირიცხავ განცხადებებს აკეთებს. საგარეო სამინისტრის წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა პირველად განაცხადა რომ მას „პირველად ესმის, რომ ვინმემ უცხო ქვეყნის ელჩებს მობილიზაცია გაუკეთა და პარლამენტის შენობაში მიიყვანა“.
მოგვიანებით კი მან განცხადება გააკეთა და თქვა, რომ მისი პირველი კომენტარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა და დაადასტურა, რომ 20 ივნისის ღამეს პარლამენტში გერმანიის ელჩი იმყოფებოდა.
„ჩვენი მხრიდან რომ ჩვენ მოგვეწვია ეს ადამიანები ასეთი რაღაც არ ყოფილა, მაგრამ თვითონ თავისი ინტერესი გამოხატეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და ისინი იმყოფებოდნენ პარლამენტში. მათთან ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდა ჩვენს უწყებასაც და სხვა სახელმწიფო უწყებებსაც. მათ შორის იქ იყო გერმანიის ელჩი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ფიზიკურ მობილიზაციაზე საუბარი არ არის მაგრამ კომუნიკაცია დიპლომატიურ კორპუსთან მთლიანად ჰქონდა უწყებას. ვერ დაგიდასტურებთ ზუსტად ახლა რომელი ელჩი იმყოფებოდა მაგრამ დიპკორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ“, - განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გუშინ, 11 ივლისს, ტვ პირველის ეთერში თქვა, რომ 20 ივნისის ღამეს პარლამენტში რამდენიმე ქვეყნის ელჩებთან ერთად იმყოფებოდა და მათთან ერთად ხედავდა "ზოგიერთი პოლიტიკოსი, როგორ ხელმძღვანელობდა და ლიდერობდა ამ შტურმს".