მთავრობა თამბაქოს მზა ნაწარმზე 12%-იანი იმპორტის გადასახადის მოქმედებას 2015 წლის 1 იანვრამდე აჩერებს და ამიერიდან ამ პროდუქციის იმპორტს ქვეყნის საბაჟო ტერიტორიაზე ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმით განახორციელებენ. აღნიშნულის შესახებ ცვლილება „საგადასახადო კოდექსში" შედის. როგორც ცნობილია, თამბაქოს ნაწარმზე 12%-იანი განაკვეთი 2013 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდა, თუმცა ევროკომის თხოვნით მთავრობა იმპორტის გადასახადის შეჩერაბას 2015 წლის 1 იანვრამდე აპირებს.
როგორც „საქართველოს საგადასახადო კოდექსში" შესატანი ცვლილებების განმარტებით ბარათშია აღნიშნული, 2006 წლის სექტემბრიდან თამბაქოს მზა ნაწარმზე შემოღებულია 12%-იანი იმპორტის გადასახადის განაკვეთი, რომლის მოქმედების გადავადებაც ყოველწლიურად პერმანენტულად მიმდინარეობდა. შესაბამისად, მომწოდებლები წლების განმავლობაში ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმით ახორციელებდნენ ამ პროდუქციის იმპორტს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე.
თუმცა 12%-იანი განაკვეთი თამბაქოს ნაწარმზე 2013 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდა, ვინაიდან თამბაქოს ნაწარმზე იმპორტი გადასახადებიდან გათავისუფლებული იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „ი" პუნქტის შესაბამისად 2013 წლის 1 ივლისამდე.
ირკვევა, რომ გადასახადის ამოქმედების შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებიდან თამბაქოს იმპორტი 74 %-ით შემცირდა.
„თუ თამბაქოს მზა ნაწარმის იმპორტის 2013 წლის იანვარ-ივნისისა და ივლისი-სექტემბრის იმპორტის სტატისტიკურ მონაცემებს გავაანალიზებთ, იმპორტის წილები, როგორც რეგიონალურ ჭრილში ასევე ქვეყნების მიხედვით, რადიკალურად შეიცვლა. კერძოდ, ევროკავშირის ქვეყნებიდან თამბაქოს იმპორტი 2013 წლის ივლის-სექტემბერში იანვარ-ივნისთან შედარებით 74%-ით შემცირდა. ძირითადი იმპორტიორი ქვეყნებიდან ბულგარეთიდან - 86%-ით, ჩეხეთიდან -50%-ით, ხოლო გერმანიიდან-70%-ით შემცირდა. ამავე პერიოდში 62%-ით შემცირდა რუსეთის ფედერაციიდან თამბაქოს ნაწარმის იმპორტი. ამასთან, 2013 წლის ივლის-სექტემბერში, იანვარ-ივნისთან შედარებით უკრაინის ხვედრითი წილი თამბაქოს იმპორტის მთლიან მოცულობაში 39.1 ერთეულით გაიზარდა და 82.6%-ით განისაზღვრა, რამაც გააუმჯობესა უკრაინის დომინანტური მდგომარეობა თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობის სექტორში"- ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
ყოველივე ამის გათვალისწინებით თამბაქოს მზა ნაწარმის იმპორტიორები არათანაბარ პირობებში აღმოჩდნენ.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა ამ პროდუქციაზე სატარიფო განაკვეთის ამოქმედებას.
„ასევე, DG Trade-მა, ევროკომისიამ მოგვმართა თხოვნით, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ამოქმედებამდე, შეჩერებულ იქნას თამბაქოს მზა ნაწარმზე 12%-იანი იმპორტის გადასახადის მოქმედება. ანალოგიური თხოვნა აქვთ ჰოლდინგ BULGARTABAC-ს და ასევე ევროკავშირის სხვა ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, რადგან აღნიშნული არაკონკურენტულ პირობებში აყენებს მათ იმ ქვეყნებიდან განხორციელებულ იმპორტიორებთან მიმართებაში, რომლებიც თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით ახორციელებენ საქართველოში თამბაქოს მზა ნაწარმის იმპორტს"- ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის მიხედვით კოდექსის 199-ე მუხლის „ი" ქვეპუნქტი ყალიბდება ახალი რედაქციით, რომლის მიხედვითაც იმპორტის გადასახადისაგან 2015 წლის 1 იანვრამდე გათავისუფლებულ თამბაქოს ნედლეულთან ერთად, დამატებით გათავისუფლდება თამბაქოს ნაწარმიც.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კანონპროექტის მიღება მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. თუმცა წინასწარ იმის განსაზღვრა თუ რა ოდენობით მოხდება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ცვლილება, შეუძლებელია.