საქართველოს მიერ დასახელებული პირობები რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ, რომელთა მიხედვითაც მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება უნდა გაიწვიოს - არარეალურია - მიიჩნევს რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ალექსეი პუშკოვი.
„საქართველო აყენებს პირობებს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად: რუსეთმა უარი უნდა თქვას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობაზე. ეს არარეალურია. ისტორიას უკან ვერ დავაბრუნებთ", _ განაცხადა პუშკოვმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ განაცხადა რომ დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის აღსდგეს იმ პირობებში თუ დეოკუპაცია და საქართველოს ორი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმება მოხდება.
„ქვეყნის დეოკუპაცია და აღიარების უკან წაღება, თუ ეს ორი პირობა შესრულდება, ჩვენ რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობას მაშინვე აღვადგენთ, ამ პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ეს არის წარმოუდგენელი. ეს ყოველივე კარგად იცის რუსეთმა და ამიტომ ვერაფერი ვერ გაკეთდება", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.