საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ვიქტორია ნულანდს შეხვდა. სახელმწიფო კანცელარიაში მხარეებს შორის შეხვედრა ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს, მათ შორის, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხები, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში თანამშრომლობის სამომავლო გეგმები, ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები.
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელობასა და იმ რეფორმებს, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების მიმართულებით ახორციელებს.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აშშ-ის მხარდაჭერა ასოცირების ხელშეკურულების პარაფირებიდან - მის ხელმოწერამდე ერთი წლის განმავლობაში.
გარდა ამისა, მხარეებმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდოგომარეობა განიხილეს.