შიდა გადაადგილებული პირების უფლებების დაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენლის ვალტერ კელინის მიერ მომზადებული ანგარიშით უკმაყოფილებას მოსკოვის გარდა ოსი სეპარატისტებიც გამოხატავენ.
აღნიშნული ანგარიში კელინმა ცხინვალის რეგიონის მონახულების შემდეგ შეადგინა და გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში განსახილველად წარადგინა.
ოს სეპარატისტთა ლიდერის ე. წ. რწმუნებული პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ბორის ჩოჩიევი ვალტერ კელინის ანგარიშს "ორმაგი სტანდარტების პოლიტიკის" მორიგ პროდუქტს უწოდებს.
მისი თქმით, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ "2009 წლის ნოემბერში სამხრეთ ოსეთში ჩამოსული ერთი კელინი დანგრეული სახლებისა და სკოლების დანახვისას აღშფოთებას გამოხატავდა საქართველოს ხელისუფლების მისამართით, მეორე კელინი კი, რომელიც ანგარიშს წარადგენდა, სულ სხვა ადამიანი იყო".
"კარგად გვესმის, რომ მას არავინ მისცემს საშუალებას სრული სიმართლე თქვას, მაგრამ არ მეგონა, რომს არ ეყოფოდა გამბედაობა თუნდაც ის ეთქვა, რაც ნოემბერში განხორციელებული მისი ვიზიტის შემდეგ გამოქვეყნებულ პრესრელიზში ითქვა", _ განაცხადა ჩოჩიევმა და დასძინა, რომ, ალბათ, "კელინი სრულ სიმართლეს, ისევე როგორც მრავალი დასავლელი ჩინოვნიკი, თანამდებობიდან წასვლის შემდეგ იტყვის".
ჩოჩიევმა გამოთქვა აზრი იმის შესახებ, რომ "საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები კელინის მსგავსნი და მისი მგვანნი სამხრეთ ოსეთში საერთოდ არ უნდა შეუშვან".
შეგახსენებთ, რომ შიდა გადაადგილებული პირების უფლებების დაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენლის ვალტერ კელინის მიერ მომზადებული ანგარიში მოსკოვმა უკვე დაიწუნა და მას "ცალმხრივი, პოლიტიზებული და არაობიექტური" უწოდა. მოსკოვისა და სეპარატისტების გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ კელინის ანგარიშში ტერმინი "საქართველო" ფიგურირებს და არა "სამხრეთ ოსეთი" და ისიც აღნიშნულია, რომ რეგიონში გადაადგილებული პირებისთვის გაუსაძლისი პირობებია შექმნილი.