აშშ-ის პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის პირადი წერილები დაწერა. .
ამის შესახებ აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა თეთრ სახლში უკრაინული და რუსული დელეგაციების მიღების დროს განაცხადა.
წერილების შინაარსი არ გასაჯაროებულა.
მელანია ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ოლეშკიში ადგილობრივი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედება ორივე მხარის თანამშრომლობის შედეგად გახდა შესაძლებელი და ეს რეგიონში მშვიდობის დამყარებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი შეიძლება გახდეს.
შეხვედრაზე უკრაინას წარმოადგენდნენ ომბუდსმენი დმიტრო ლუბინეცი და უმაღლესი რადის დეპუტატი დავით არახამია. რუსეთის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ადამიანის უფლებათა კომისარი იანა ლანტრატოვა და ვლადიმირ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი კირილო დმიტრიევი.
შეხვედრისას ლუბინეცმა მელანია ტრამპს პრინცესა ოლღას I ხარისხის ორდენი გადასცა.
„უკრაინის პრეზიდენტისა და მთელი უკრაინელი ხალხის სახელით მსურს, გადმოგცეთ ეს სახელმწიფო ჯილდო თქვენი ლიდერობისთვის, სიმამაცისთვის, ჩვენი ხალხის გადარჩენისა და უკრაინელი ბავშვების დაბრუნებისთვის. თქვენ ჩვენთვის ძალიან ბევრი გააკეთეთ და მთელი უკრაინელი ხალხის სახელით მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს: გთხოვთ, გააგრძელოთ თქვენი შესანიშნავი საქმიანობა და მხარი დაუჭიროთ ადამიანებს“, - განაცხადა ლუბინეცმა.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მელანია ტრამპი პრინცესა ოლღას ორდენით დააჯილდოვა უკრაინის ჰუმანიტარული მხარდაჭერის, უკრაინელთა უფლებების დაცვისა და რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებული ბავშვებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გადარჩენაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
განსაკუთრებით აღინიშნა მისი დახმარება ხერსონის ოლქში, რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკიდან მოსახლეობის ევაკუაციის პროცესში.
თავის მხრივ, კირილ დმიტრიევმა აშშ-ის პირველ ლედის ოლეშკელი გოგონას ნახატი გადასცა. მისი თქმით, გოგონამ „ოჯახთან ერთად რუსეთში ცხოვრება გადაწყვიტა“.