29 ნოემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი ქუმსიშვილმა მონაწილეობა მიიღო სოციალური მეწარმოების მხარდამჭერ აქციაში, რომელიც სუპერმარკეტ „გუდვილში" გაიმართა. სოციალურმა საწარმომ, შპს "ერთად" სვანური მარილი "ზესხოს" პრეზენტაცია-დეგუსტაცია გამართა. სოციალურ საწარმოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები არიან დასაქმებული.
დიმიტრი ქუმსიშვილმა სოციალური საწარმოს საქმიანობა დადებითად შეაფასა და მათ დამფუძნებლებს წარმატება უსურვა. მისი განცხადებით, ნებისმიერი ახალი საწარმოს დაფუძნება წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს ეკონომიკისთვის. თუმცა ეს გაცილებით სასიხარულოა, როდესაც საუბარია სოციალურ საწარმოზე.
„ეკონომიკის სამინისტროში, პრემიერის გადაწყვეტილებით, შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც განიხილავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებებისთვის უძრავი ქონების შეღავათიანი პირობებით გადაცემას, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ორგანიზატორებმა თავიანთი სახსრებით აიღეს იჯარით საწარმოო ფართი და, შესაბამისად, თავიდან ბოლომდე თვითონ გააკეთეს ყველაფრის ორგანიზება", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
სოციალური საწარმო შპს "ერთად" თბილისის მერიის იაფი კრედიტის ფარგლებში 10 000 ლარით დაფინანსდა. 10 000 ლარი საწარმომ "თიბისი" ბანკისა და ევრაზიის ფონდისგან მიიღო. საწარმოს მიერ მიღებული შემოსავალი სრულად ხმარდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და მათი მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ მიმართულ პროექტებს.
სოციალური საწარმოს მოგება ამ ეტაპზე რეინვესტირდება თავად საწარმოში. ეს შესაძლებლობას აძლევს საწარმოს მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი დაასაქმოს, გაზარდოს წარმოება და შემოსავალი, რომელიც მთლიანად მოხმარდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების სოციალურ ინტეგრაციას და ამ მიზნით დაგეგმილ აქტივობებს.
ღონისძიებას სუპარმარკეტ "გუდვილში" ასევე დაესწრნენ თბილისის მერიისა და ევრაზიის ფონდის წარმომადგენლები.
მასალის გამოყენების პირობები