დოლართან მიმართებაში ლარის კურსის დაცემას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სეზონური ფაქტორებით ხსნის და განმარტავს, რომ ლარს ყოველთვის ახასიათებდა მცირედი რყევები, თუმცა გიორგი ქადაგიძის განმარტებით, გრძელვადიან პერსპექტივაში რაიმე საგანგაშო მოსალოდნელი არ არის.
„ლარის კურსთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ეს არის ჩვეულებრივი მოკლევადიანი რყევები, რომელიც ყოველთვის ახასიათებდა ლარის კურსს. ყოველთვის იქნება ლარის მერყეობა ორივე მიმართულებით, როგორც გამყარების ასევე გაუფასურების მიმართულებით. ამ ეტაპზე ეს დაკავშირებულია მოკლე სეზონურ ფაქტორებთან. რაც შეეხება გრძელვადიან და მოკლევადიან ფინანსურ სტაბილურობას, მოგეხსენებათ, რომ ფინანსური სტაბილურობის გარანტორი არის სებ-ი. ჩვენ გაგვაჩნია, ფინანსურიც, ინფრასტრუქტურული და ადამიანური რესურსიც ამისათვის. ეს არაერთხელ დაგვიმტკიცებია ჩვენ წარსულში და სწორედ ამიტომ არის საბანკო სექტორისადმი ნდობა მაღალი"- განაცხადა გიორგი ქადაგიძემ