პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განაცხადებით, ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებით საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის უმნიშვნელოვანეს პროცესს იწყებს. როგორც პრემიერის მიერ ვილნიუსის სამიტისადმი გავრცელებულ მიმართვაშია აღნიშნული საქართველოს ევროპულ არჩევანს ალტერნატივა არ აქვს.
,,ახლოვდება „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ვილნიუსის სამიტი. ეს ისტორიული სამიტია საქართველოსთვის. ვილნიუსში ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებით ჩვენ ვიწყებთ ევროკავშირში რეალური ინტეგრაციის უმნიშვნელოვანეს პროცესს, რომელიც, მჯერა, აუცილებლად დაგვირგვინდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებით. ეს არის ჩვენი ხალხის მტკიცე ნება. ეს არის ჩვენი ისტორიული არჩევანი, რომელსაც ალტერნატივა არა აქვს. საქართველოს სწრაფვას ევროპული ოჯახისკენ, ევროპული ცივილიზაციისკენ მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. როდესაც ჩვენი დიდი წინაპრები ევროპასთან კავშირების გაბმასა და დაახლოებაზე ზრუნავდნენ, ეს არ იყო მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი. საქართველო ევროპული ქვეყანაა თავისი კულტურით, ისტორიითა და, რაც მთავარია, ღირებულებებით. სწორედ ამიტომ, ევროკავშირში ინტეგრაცია არის ერთადერთი გზა, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, საქართველო ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდეს ევროპულ ქვეყნად", _აცხადებს ღარიბაშვილი.