საქართველოს დელეგაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით 28 ნოემბერს ვილნიუსში მონაწილეობას მიიღებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ბიზნესფორუმში: „ბიზნესი საზღვრებს გარეშე". ღონისძიება გაიხსნება ვილნიუსის დროით 9.00 საათზე (თბილისის დროით -11.00 სთ). სესიაზე სიტყვით გამოვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ქართული ბიზნესწრეების წარმომადგენლებიც.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ბიზნესფორუმზე ისაუბრებს იმ პოლიტიკური და ეკონომიკური სარგებლის შესახებ,რასაც საქართველოს მოუტანს საქართველო-ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (DCFTA), რომელიც, თავის მხრივ, ასოცირების შეთანხმების განუყოფელი ნაწილია. მინისტრის სიტყვის კიდევ ერთი ნაწილი შეეხება საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის მნიშვნელობას ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლაში აქცენტი გაკეთდება ქვეყნის საინვესტიციო და სამეწარმეო გარემოს შემდგომი გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს ახალი მთავრობის მიერ უკვე განხორციელებულ და ასევე მომავალში განსახორციელებელ პოლიტიკასა და ღონისძიებებზე.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ასევე მონაწილეობას მიიღებს ვილნიუსის სამიტის ფარგლებში დაგეგმილ ყველა იმ ღონისძიებაში, რომელიც ჩატარდება საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ხელმძღვანელობით.
ასევე 28 ნოემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების პარაფირებაში.